(რეზონანსი) ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი იმ პრეცედენტზე დაყრდნობით მოუხსნეს, რომელიც საერთო არ არსებობს- განცხადებას ამის შესახებ იურისტი ანა ნაცვლიშვილი აკეთებს.
როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, მან დეტალურად გაშიფრა პროკურატურის მიერ პარლამენტში ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნის მიზნით წარდგენილი 4 ქეისი და აღმოჩნდა, რომ ერთი საქმე საერთოდ არ არსებობს, დანარჩენ სამი კი განსხვავებულია მელიას საქმისგან
„კვლევით პროექტში ვმონაწილეობ და ამ დღეებში დამჭირდა წამეკითხა გენერალური პროკურორის მიერ პარლამენტისთვის მიწერილი ოფიციალური წერილი, რომლითაც გენერალური პროკურორი მიმართავს პარლამენტს, გასცეს ნიკანორ მელიას დაპატიმრების თანხმობა (20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით). თავი რომ დავანებოთ დოკუმენტის სამართლებრივი დასაბუთების ხარისხს (რომელიც პრობლემურია), გეტყვით მხოლოდ რამდენიმე ფაქტს: - დოკუმენტი მხოლოდ 4 გვერდისგან შედგება - იმის დასასაბუთებლად, რომ აუცილებელია მელიასთვის პატიმრობის შეფარდება, მოყვანილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. მითითებული საქმეებიდან ერთი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს! (საქმეში მითითებულია კონრადი იტალიის წინააღმდეგ, ბევრი ძებნის შემდეგ, მივაგენი საქმეს, რომელსაც სინამდვილეში გულისხმობენ და რომლის სახელიც ასე ჟღერს: კონტრადა იტალიის წინააღმდეგ) - მითითებული ერთ-ერთი საქმე (ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ) საერთოდ არ ეხება დოკუმენტში განსახილველ სამართლებრივ საკითხს -პატიმრობის შეფარდების სტანდარტებს (ეხება ციხეში სამედიცინო სერვისების არარსებობის გამო არაადამიანურ მოპყრობას) - დანარჩენ მითითებულ საქმეებში ფაქტობრივი გარემოებები იმდენად განსხვავდება მელიას საქმისგან, რომ მათი მითითება დოკუმენტში არარელევანტურია.
ეს მხოლოდ წმინდად სამართლებრივ ნაწილზე მოგახსენეთ, უფრო დიდ სურათსაც ვხედავ ძალიან ნათლად, ამაზე მოგვიანებით. არ ჩამიხედავს სხვა გახმაურებული საქმეების დოკუმენტაციაში, მაგრამ ამის მერე როგორი დასაჯერებელია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში, რომელიც სამართლებრივად გაცილებით მეტ კვალიფიკაციას მოითხოვს, წესრიგია? როგორი დასაჯერებელია ყველა ამ პერიოდში და ადრე დაწყებულ გამოძიებებში სხვა საქმეებზე, რომ სამართლებრივად სწორი ანალიზი და დასკვნებია გაკეთებული? როგორი დასაჯერებელია, რომ გვარამიასთვის წარდგენილი ბრალი დასაბუთებულია? ამის მერე აღარ მიკვირს ვატო წერეთლისთვის სასამართლოდან გაგზავნილი მესიჯის შინაარსი და ფორმა! დოკუმენტში, რომელიც პარლამენტის 150 დეპუტატს უნდა წაეკითხა და მიეღო პრეცედენტული გადაწყვეტილება, ასეთი ლაფსუსებია დაშვებული, ჯერ კომიტეტმა განიხილა, მერე პლენარულ სხდომაზე გავიდა - დეპუტატებს როგორ არ გრცხვენიათ, რომ ამაზე დაყრდნობით მიიღეთ გადაწყვეტილება? სტაჟიორი მაინც არ გყავდათ, რომ დაგევალებინათ თვალის გადავლება? კანონებსაც ასე იღებთ? სირცხვილია!" -წერს ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
მელიას ბრალი 20-21 ივნისის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში წარუდგინეს და სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნეს.