(რეზონანსი) „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ საქმის მასალები უკვე გადაეცათ და ის საკმაოდ მოცულობითია. მისივე თქმით, პროკურატურამ რეალურად არც იცის, რა ხდება საქმის მასალებში, რადგან დოკუმენტაციას არ გაცნობია.
"დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურამ არც იცის, რა ხდება საქმის მასალებში იმიტომ, რომ ჯერ არ გაცნობიან ამ დოკუმენტაციას. ბრალის დადგენილების გადაცემის შემდეგ მე გადმომეცა საქმის მასალები, არის ძალიან მოცულობით საქმე, 25 ყუთია და დანომვრა და აღწერაც კი ვერ მოასწრეს ამ დოკუმენტაციის, რაც, ზოგადად, ეს წესი დაცული უნდა ყოფილიყო, თუმცა ფაქტია, რომ რეალურად მათ ჰქონდათ მითითებული კონკრეტული დრო, რომ დღეს უნდა მოსწრებოდა ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენა", - განუცხადა საძაგლიშვილმა კურიერს.
მისი თქმით, ეს გარემოებები ადასტურებს, რომ, რეალურად, პროკურატურას "ის კი არ აინტერესებს ამ დოკუმენტაციაში რა არის მითითებული, არამედ დაკავებულია ნიკა გვარამიას იმიჯის შებღალვის მცდელობით და მეტი არაფრით".
"მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ საჯაროდ და ბრალის დადგენილების გადმოცემის მომენტში პირადადაც დაუფიქსირა საკუთარი პოზიცია, ახლა რას მოიმოქმედებენ, რა ტიპის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვენ ან მოითხოვენ თუ არა საერთოდ და როდის გააკეთებენ ამას, არის წარმოუდგენელი, არ ვიცით", - დასძინა დიმიტრი საძაგლიშვილმა.