რეზონანსი
09.08.2019

 (რეზონანსი) ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსის მარიამ ჩიქობავას განცხადებით, მომავალი წლიდან „მოქალაქეობის" სწავლა სავალდებულო იქნება VIII კლასის მოსწავლეებისთვისაც, წელს კი სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი მხოლოდ VII კლასისთვის იყო გამოცხადებული.

„სკოლებში ახალი საგანი შემოვა - მოქალაქეობა. იცით, რომ სამოქალაქო განათლების მიმართულებით საკმაოდ გავაძლიერეთ სწავლება. სამოქალაქო განათლება აქამდე ისწავლებოდა მხოლოდ IX-X კლასებში, წელს უკვე დაიწყება VII კლასიდან და გაგრძელდება VIII და IX კლასებშიც. მოკლედ, ამ მხრივ მთელი ციკლი შეიკვრება - მესამე კლასიდან დაწყებული, რომელიც ინტეგრირებული საგნით - „მე და საზოგადოებით" იხსნება, გრძელდება V-VI კლასებში „ჩვენი საქართველოთი" და შემდეგ უკვე VII კლასში დამოუკიდებელ საგნად შემოდის „მოქალაქეობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგანი - სამოქალაქო განათლება დაწყებით და საბაზისო საფეხურებს მთლიანად დაფარავს," - განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

მისი ინფორმაციით, ახალი საგნის ფარგლებში მოსწავლეები 5 თემას გაივლიან: თემს, რომელშიც ვცხოვრობთ, სასკოლო გარემოს/სასკოლო საზოგადოებას, ჯანსაღ ცხოვრებას, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ასევე, ეკონომიკურ ურთიერთობებს თემში.

თემები, რომელშიც ვცხოვრობთ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა დაწერილი და დაუწერელი წესები; არასრულწლოვანი და დანაშაული; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; კულტურული მრავალფეროვნება ჩემ გარშემო.

სასკოლო გარემო/სასკოლო საზოგადოება მოიცავს შემდეგ საკითხებს: უსაფრთხო სკოლა; სასკოლო თვითმმართველობა; თანასწორობა სკოლაში; „მწვანე სკოლა"; ჩაგვრა (ბულინგი).

ჯანსაღი ცხოვრება აერთიანებს შემდეგ საკითხებს: ჯანსაღი კვება, გარდატეხის ასაკი, ადრეული ქორწინება, ადიქცია.

თემის - ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ვანდალიზმი და ბრაკონიერობა.

ეკონომიკური ურთიერთობები თემში აერთიანებს შემდეგ საკითხებს: ფული და ბარტერი; ბაზარი (მოთხოვნა და მიწოდება) და ფასი; კერძო და საჯარო საკუთრება; შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება (პირადი ფინანსების მართვა); დაზოგვა და ქველმოქმედება.

(ინტერპრესნიუსი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×