რეზონანსი
07.08.2019

 (რეზონანსი) Galt & Taggart-მა დღეს საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანის ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორები არის ჯანსაღი, საქართველოს ეროვნული ვალუტა კი, არსებულ ინდიკატორებთან მიმართებით ზედმეტად გაუფასურებულია.

Galt & Taggart-ი აღნიშნავს, რომ 2019 წლის ივნისის ბოლოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან პრიდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასა და სავაჭრო ემბარგოს გაზრდილი მოლოდინების ფონზე ლარი დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე 2.97-ის ნიშნულამდე გაუფასურდა. გაუფასურებას თან საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან, აკრძალვის მძიმე შედეგების შესახებ ასევე ნეგატიური განცხადებები სდევდა თან.

"ტურისტული შემოდინებების ზრდის ტემპი შემცირდა და მან ივლისში 1% შეადგინა. რუსი ვიზიტორების რაოდენობის შემცირება კი, იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ამას ბაზარი ელოდა (6.4%-იანი წლიური კლება). საავიაციო სანქციების შედეგები სახმელეთო გზით რუსი ვიზიტორების გაზრდილმა ნაკადმა და დსთ-ისა და რეგიონის სხვა ქვეყნებიდან გაზრდილმა ტურისტულმა ნაკადებმა დააბალანსეს.

გაცვლითი კურსის ზედმეტი გაუფასურების თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველ აგვისტოს სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $32.8 მილიონი გაყიდა. ინტერვენციის შედეგად, ლარი 2.9%-ით გამყარდა, რის შემდეგაც კურსმა ისევ გაუფასურება დაიწყო", - წერია მიმოხილვაში.

ამასთან, Galt & Taggart-ი აღნიშნავს, რომ ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია და მისი რეალური გაცვლითი კურსი ამაზე 10-13%-ით მეტი უნდა იყოს.

"ჩვენ ველოდებით, რომ ლარი დოლართან მიმართებაში 2019 წლის განმავლობაში 2.75-2.8 ნიშნულამდე გაძლიერდება, 2020 წელს კი - 2.60-2.65 ნიშნულამდე", - აღნიშნულია ანგარიშში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×