
8 აგვისტოს სოფელი ერედვიდან მშვიდობიანი მოსახლეობა ტოვებს საცხოვრებელ სახლებს. მათ შორის ბერუაშვილებიც არიან. ეკა მაშინ 13 წლის იყო. დედამ ჯერ გორში ნათესავთან ჩამოიყვანა, მერე - თბილისში.
როცა ერედვი დაიბომბა პატარა გოგონას შიშისგან გულში სისხლძარღი ჩაუწყდა. ეკა მაშინ ფიზიკურ ტკივილს ვერ გრძნობდა. მას მხოლოდ მშობლიური სახლი და ერედვი ენატრებოდა. სრულიად შემთხვევით პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ინიციატივით, ქართველი ბავშვებისთვის პოლონეთში ტური დაიგეგმა. ეკა ბერუაშვილიც ამ ბავშვებს შორის მოხვდა.
ვარშავაში ჩაფრენისთანავე მოზარდებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს. პოლონელმა ექიმებმა ეკას სწორედ მაშინ შეატყობინეს, რომ გულის სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, არასრულწლოვან გოგონას კი დედის ხელმოწერა...
ომის ცხელ დღეებში საქართველოს საჰაერო სივრცე ჩაკეტილი იყო. ორი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ლეხ კაჩინსკის მოლაპარაკებით, პოლონეთის პრეზიდენტის პირადი თვითმფრინავის მისაღებად საჰაერო სივრცე გახსნეს. ეკას დედა, მაყვალა პაპუაშვილი ვარშავაში ჩაფრინდა. შვილის ოპერაციისთვის საჭირო დოკუმენტს ხელი მოაწერა და ეკა გადარჩა... მათზე პოლონეთში მყოფი ელჩი და უცხო ქვეყნის მთავრობა ზრუნავდა. ტანსაცმელი, სათამაშოები და ყველა საჭირო ნივთი დევნილ დედა-შვილს აჩუქეს. გამოჯანმრთელებული ეკა საქართველოს დაუბრუნდა. მართალია, მშობლიურ ერედვში ვერა, მაგრამ თბილისში დევნილთა კორპუსში გააგრძელა ცხოვრება.
მერე პატარა ქართველი გოგონასა და პოლონეთის მეგობრობა გაგრძელდა. ეკა ბერუაშვილი თბილისში არსებულ პოლონურ საკვირაო სკოლაში ენასა და პოლონურ კულტურას სწავლობდა. ის საუკეთესო მოსწავლე იყო, საქართველოს საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.
როცა ჯერი უმაღლესი განათლების მიღებაზე დადგა, ის ვარშავაში წავიდა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გახდა. ეკა ახლაც იქაა, დედა კი, გორში ცხოვრობს. 24 წლის გოგონა პოლონეთში ბევრ ქართულ საქმეს აკეთებს. იქ ქართულ დიასპორას ხელმძღვანელობს. ხშირად პოლიტიკოსებს და დიპლომატიურ კორპუსს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოზე ესაუბრება.
პრაიმტაიმი