(რეზონანსი) ტელეკომპანია „პირველის" დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის პროკურატურაში დაბარებას „რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია ეხმიანება
„მეგობრებო, ეს ქვეყანა იხურება და მისგან რუსული ტიპის ოლიგარქიული დიქტატურის მოდელი შენდება, რომლის ადგილი დასავლურ სამყაროში არც არის და ვერც იქნება.
ამის დაშვება არ შეიძლება, ეს ყველა ქართველი პატრიოტის ვალია. ამ ისტორიულ გზაგასაყარზე, საით წავიდეთ, ჩრდილოეთით თუ დასავლეთით, ჩვენს ნაცვლად ვერავინ გადაწყვეტს, ვერც ჩვენი მთავარი მოკავშირე დასავლეთი. ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია. უნდა ვიმოქმედოთ, თორემ ერთ დღესაც ჩვენი შვილები კრასნოდარის მხარის გარე პროვინციის მოქალაქეებად გაიღვიძებენ. ჩვენი გზა დასავლეთია! უზურპატორი უნდა წავიდეს!", - წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.
ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს.
„პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ ! ყველას ვერ დააშინებთ ! ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ",- დაწერა წერეთელმა.