საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის ქადაგებასთან დაკავშირებით გამოხმაურებებზე წერს. მისი თქმით, აბორტის მომხრე ადამიანებისაგან პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია პირველი არ არის.
"საიდან ჩნდება ასეთი აგრესია პატრიარქის მიმართ? უახლესი ისტორიის დევნის პერიოდებში განა რაიმე სხვა სულით ებრძოდნენ ეკლესიას?
პატრიარქი მიმართავს საკუთარ მრევლს. ეს მიმართვა არის მათთვის, ვინც მას უსმენს, მის ხმას იცნობს.
მესამე პირები რატომ უნდა ერეოდნენ ამ ურთიერთობაში?
რატომ ნერვიულობს მის სიტყვებზე ეკლესიისათვის უცხო სულის მქონე ხალხი? მათ ხომ ეს ქადაგება პრინციპში არ ეხებათ? ისინი ისედაც ხომ არ გააჩენენ შვილს, რომ ერი გამრავლდეს? ისინი ხომ იმდენჯერ გაიკეთებენ აბორტს, რამდენჯერაც მიიჩნევენ, რომ არასასურველი შვილი უჩნდებათ? ეს ქადაგება მათ არ ეხებათ, და ეს მათ შესანიშნავად იციან. მაშ საიდანაა ეს აგრესია ადამიანის მიმართ, რომელის საკუთარ სულიერ შვილს მიმართავს?
პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია, პირველი არ არის აბორტის მომხრე ადამიანებისაგან. საქმე ისაა, რომ ყოველი მართალი სიტყვა ჩვენი მამხილებელია და ტკივილს იწვევს. უკეთეს შემთხვევაში, ამ ტკივილმა ადამიანს სინანულისაკენ უნდა უწინამძღვროს. უარეს შემთხვევაში კი აგრესია უჩნდება და სურვილი, რომ ეხ სიტყვა დაადუმოს".