რეზონანსი
02.08.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი 2-ის" შენობაში პროკურორები ამ დრომდე მუშაობენ. საუბარია ოფისის იმ ნაწილზე, სადაც კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედია" იყო განთავსებული.

გუშინ პროკურორებმა დოკუმენტაცია „ინტერმედიას" სათაო ოფისიდან ამოიღეს, ახლა კი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"ინტერმედია" "რუსთავი 2-ის" კონტრაქტორი კომპანიაა, რომელიც ყიდის სარეკლამო დროს. პროკურორები აცხადებენ, რომ ისინი საგამოძიებო მოქმედებებს დიდი ოდენობით თანხების მითვისების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმესთან დაკავშირებით ატარებენ.

გამოძიება "რუსთავი 2-ის" 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა "ფორმულა კრეატივის" დირექტორმა, მიშა მშვილდაძემ. მან "ინტერმედიას" კუთვნილ ოთახში დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე დღის წინ მუქარას დაუკავშირა. მიშა მშვილდაძის თქმით, პაატა სალიას ოთახში მას ვინმე ზაზა დაემუქრა, რომ თუ კი სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" "რუსთავი 2-ში" არ დარჩებოდა, პრობლემები შეექმნებოდათ.

როდის ისწავლის ეს ხალხი, რომ ჯერ ერთი დაშინება, ეს არის დანაშაული, პოლიტიკურ იარაღად გამოყენება პროკურატურის, ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულზე ყველა აგებს პასუხს. ფიზიკურად შეუძლებელია, რომ იქ ნახოს რამე, რაც პროკურატურის კანონიერ ინტერესებში შეძლება, შედიოდეს. განსაკუთრებით ის, რომ ეს არის დამთხვევა ზუსტად ამაზე გუშინდელ დღეზე გამოხმაურება და ეს მარტო არ არის. დამთხვევაც კი არ არის.

წინასწარაც კი ვიყავით გაფრთხილებული, რომ თუ ჩვენ "რუსთავი 2-თან" არ გავაგრძელებდით ურთიერთობას, "ჩემი ცოლის დაქალებით", რომ "ინტერმედიას" მიმართულებით რაღაცები გაპრომლემურდებოდა. ეს ღიად გვითხრა ერთ-ერთმა ადამიანმა, ერქვა ზაზა, რომელიც შეგვხვდა სალიასთან ერთად, ოთახში. გვითხრა, რომ ხომ იცითო, მერე რაღაცები მოხდებაო. რა ვიცი მე, ზაზამ როგორ უნდა შემაშინოს, ცოტა ძნელი წარმოსადგენია ჩემთვის. ამ ზაზებს გაეცემათ ერთი მძიმე პასუხი, გემრიელი ისეთი, რომ მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ და მუქარები, როგორ უნდა, ბიჭო, და ამ მუქარების ასრულება პროკურატურით, როგორ უნდა, ბიჭო, გაჩვენებთ კარგად ყველას", - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×