რეზონანსი
02.08.2019

 (რეზონანსი) „ლარის გაუფასურების შედეგად ფასის გაძვირება პრაქტიკულად შესაძლოა ყველა პროდუქტზე მოხდეს," - ამის შესახებ BM.GE-ს სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჰოლდინგის" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი შენგელიამ განუცხადა.

„კვების პროდუქციის უმრავლესობაზე ფასები გაძვირდება. ჩვენ ასევე გვაქვს საყოფაცხოვრებო ქიმია სარეცხი საშუალებები მასზეც ანალოგიურად მოხდება გაძვირება. შოკოლადის პროდუქცია იქნება, ნამცხვრები, იოგურტი თუ რძის ნაწარმი ლარის კურსი ყველაფერზე იმოქმედებს.

ვიცი, რომ ფასები უკვე გაძვირებულია სამშენებლო მასალებზეც იმიტომ, რომ ისიც იმპორტირებულია, არმატურაც გაძვირებულია, ასევე ბეტონი თუ სხვა სამშენებლო პროდუქტი.

ინფორმაცია მაქვს, რომ გაძვირება ძირითადად ორშაბათიდან მოხდება," - განაცხადა დიმიტრი შენგელიამ.

როგორც „დიპლომატ ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი განმარტავს, სადისტრიბუციო კომპანიები, ვისაც გარკვეული სახის ვალდებულებები აქვთ აღებული, განსაკუთრებით ზარალდებიან.

„მაშინ, როდესაც სადისტრიბუციო კომპანიებს მომწოდებლებისგან ვალდებულება აქვთ აღებული, ზარალდებიან. ანუ კომპანიებს შესყიდვის ვალდებულება აქვთ და მათთვის გეგმების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია. გამოდის, რომ ჩვენ მყარ ვალუტაში უნდა შევისყიდოთ, რომელიც ჩვენ ბაზარზე მოქმედებს. ეს არის: დოლარი, ევრო, რუსული რუბლი და თურქული ლირა, ხოლო ამ დროს რეალიზაციას ლარში გაზრდილ ფასებში ვახდენთ.

მსყიდველუნარიანობა ეცემა და გაყიდვები მცირდება ჩვენი ნაშთები იზრდება, პროდუქციას ვადა გასდის და ჩვენ ვზარალდებით. ასევე ვზარალდებით იმიტომ, რომ გაყიდვები ტრადიციულ ქსელებში გვივარდება, სადაც ფასების გაძვირება მომენტალურად ხდება" - აღნიშნა შენგელიამ.

დიმიტრი შენგელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები გააგრძელოს, სანამ ბაზარზე არსებული პანიკა არ ჩაცხრება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×