(რეზონანსი) ლარის კურსი, გაუფასურების შემდეგ, 2 დღეა გამყარების ტენდენციას გვიჩვენებს, რაც მოსალოდნელი იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ეროვნული ვალუტა თავის ბუნებრივ, მყარ ნიშნულს დაუბრუნდება.
„ლარის კურსი, გაუფასურების შემდეგ, 2 დღეა გამყარების ტენდენციას გვიჩვენებს. ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ნებისმიერი ანალიზი მკაფიოდ აჩვენებდა, რომ ლარი ზემდეტად იყო გაუფასურებული, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები კი ჯანსაღი იყო. ეს დაადასტურა ეკონომიკური ზრდის შესახებ საქსტატის მიერ გამოყვენებულმა ინფორმაციამაც", - განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, გაუფასურებას ხელი შეუწყო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებულმა ნეგატიურმა ფონმა და ამით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა.
„ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები, დაწყებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიდან, დამთავრებული ექსპორტის მოცულობით, საკმაოდ პოზიტიურია და მყარ დინამიკას გვიჩვენებს.
ყველა უწყების შეფასება, მათ შორის კომერციული ბანკების, არის ერთნაირი, რომ საქმე გვაქვს ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან. შესაბამისად, გვაქვს ყველანაირი მოლოდინი იმისთვის, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.