(რეზონანსი) დამიჯერეთ, პროკურორების და მოსამართლეების გადასაწყვეტი არ არის დამაკავებენ თუ არა, - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე გამოცხადებული შესვენებისას განაცხადა.
მისი თქმით, „რუსთავი 2"-ის ფინანსურ საკითხებზე უსვამენ კითხვებს და რაც ახსოვს, პასუხობს.
„კითხვები დამისვეს სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც არანაირად არ ეხება ჩემს კომპეტენციას. ეს არის ღრმად ფინანსური, რაზეც წარმოდგენა არ მაქვს. რაც მახსოვდა გავეცი პასუხები. პროკურორებზე და მოსამართლეებზე აბსოლუტურად ნორმალური შთაბეჭდილება მაქვს, დამაკავებენ თუ არა, დამიჯერეთ, ეს მათზე არ არის დამოკიდებული. საქმე არის სრულიად აბსურდული. აქ დავა რომც იყოს, სისხლის სამართალზე დავა აბსურდულია, სამოქალაქო წესით შეიძლება იდავოს ვინმემ. მათ აქვთ „ინტერმედიიდან" ამოღებული კონტრაქტები, სხვა არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სტატუსით იკითხება.
საქმე ეხება საქართველოს გენერალური პროკურატურაში „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვაზე მიმდინარე გამოძიებას.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში იგეგმება ასევე „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2"-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაციის ამოღება.