(რეზონანსი) ნიკა გვარამიას საქმეზე გამოძიება უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გვარამიას გამოკითხვის პარალელურად, მის საგულშემატკივროდ იმყოფება.
როგორც ჩარკვიანი აცხადებს, გამოძიება უნდა შეწყდეს, რადგან პროკურატურამ ნდობა დაკარგა.
„ეს არის შერჩევითი სამართალი. მომპარავმა ხელისუფლებამ, რომელიც არ გვაგებინებს ჩვენი ხალხის ფული სად წაიღო, დაიწყო კერძო ტელევიზიის ფინანსების გამოძიება. არ გამოუძიებიათ შვილმკვდარი მამების საქმე, ასევე ვინ ჩასვა გავრილოვი პარლამენტის პირველ სავარძელში. ეს არის შერჩევითი სამართალი. ჩვენ არ ვიცით დაინტერესებულა თუ არა ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებით, რომელიც გამჭვირვალე უნდა იყოს და ჩვენ არაერთხელ გამოვითხოვეთ, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „პირველ არხთან".
მისი თქმით, „რუსთავი 2"-ის განზრახ დაზარალების საქმის დეტალები არ იცის, მაგრამ ხელისუფლებამ ისეთი უნდობლობა დათესა, რომ აქაც არ შეიძლება ნდობა.
„გამჭვირვალე ვინაიდან არ არის არაფერი ამ სახელმწიფოში და ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია გაუმჭვირვალე და ჩამოშლილია, რა თქმა უნდა, უნდა შეწყდეს ამ საქმის გამოძიება",- დასძინა მან.
„რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სტატუსით იკითხება.