რუსთავი2-ის" ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, სამაუწყებლო კომპანიაში მძიმე ფინანსური მდგომაროება დახვდათ. ახალი მენეჯმენტის აპირებს კომპანიაში შემოიყვანოს საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია.
"რაც მე ვნახე, ამ დღეების განმავლობაში, ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს ამასთან დაკავშირებით, როგორ არსებობდა საერთოდ ეს კომპანია და ერთი რამე მინდა, ვთქვა კიდევ, რომ ძალიან ხშირად გვესმის ჩვენ ეს რაღაც განცხადებები იმ ყადაღასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი დავის გამო იყო.
პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ამ დავასთან დაკავშირებით გამოყენებული ყადაღა ეხებოდა უძრავ ქონებას, მოძრავ ქონებას, ავტომობილებს. ძალიან ბევრი კითხვა და ეჭვი არსებობს, რასაც, ალბათ, დროთა განმავლობაში გაეცემა პასუხი. ჩვენი მხრიდან ასევე დაგეგმილია საერთაშორისო კომპანიის მოწვევა აუდიტის ჩასატარებლად. ახლა საგამოძიებო ორგანოები რა დასკვნას დადებენ, ეს საზოგადოებისთვისაც, ჩვენთვისაც გახდება ცნობილი და შევაფასოთ ყველამ ერთად.
დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ეს კომპანიის კომერციული საიდუმლოებაა, პირველ რიგში. მე არ მინდა საჯაროდ, ყველა ტელევიზიის თანდასწრებით ვისაუბრო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მდგომარეობა იყო მძიმე წარმოუდგენლად. გაურკვეველია, არხი როგორ იმართებოდა, რადგან შემოსავლები ყოველთვის ნაკლები იყო ხარჯებზე, შესაბამისად, დაგროვდა მილიონობით და მილიონობით დავალიანება, არა მარტო ბიუჯეტის, არამედ ყველასი ირგვლივ თუ ვინმესთან ამ კომპანიას აქვს ურთიერთობა,“ - განაცხადა სალიამ.