(რეზონანსი) რა გგონიათ, გვარამიას ისეთი შიში გვაქვს, რომ იზოლაციაში უნდა მოვაქციოთ? დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს, რადგან ასეთი რამ რომ გვდომოდა, 2012-2013 წლებში ძალიან კარგი საფუძვლები იყო და ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეიძლებოდა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელიც გამოკითხვაზე „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის დაბარებას გამოეხმაურა.
„შეუძლია, ნიკა გვარამიას მშვიდად იყოს. პროცედურები არსებობს, რაც კონკრეტულ საქმეს უკავშირდება. არ მგონია, ეს აჟიოტაჟის საფუძველი იყოს. რა გგონიათ, გვარამიას ისეთი შიში გვაქვს, რომ იზოლაციაში უნდა მოვაქციოთ? არ მგონია, ეს საკითხის მიმართ რაციონალური დამოკიდებულება იყოს. ვიღაცას საჩივარი აქვს შეტანილი და გენერალური პროკურატურის ვალდებულებაა, რეაგირება მოახდინოს. დანარჩენი მცდელობაა, ყველაფრისგან აჟიოტაჟი შეიქმნას", - დასძინა ცქიტიშვილმა.