რეზონანსი
01.08.2019

 (რეზონანსი) „20 ივნისიდან მოყოლებული დღემდე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება, თუკი მას საზოგადოება ჰქვია, გახლეჩილია", - ამის შესახებ განცხადებას მხატვარი გია ბუღაძე აკეთებს.

მხატვარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმარა და განაცხადა, რომ „ხალხის გაერთიანება ძალიან გაჭირდება"

„20 ივნისიდან მოყოლებული დღემდე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება, თუკი მას საზოგადოება ჰქვია, გახლეჩილია. მისი გაერთიანება ძალიან გაჭირდება. იმდენად პოლარიზებულია, მიკვირს კიდეც. საკამათო რა არის იმაში, რომ ოკუპანტი არ უნდა ჩამოიყვანო და არ უნდა დასვა სპიკერის სავარძელში, აღშფოთებულ ხალხს ტყვია არ უნდა ესროლო, როცა ლარი ფუჭდება და ყველაფერი ნადგურდება, არ უნდა გადააბრალო ახალგაზრდებს, რომლებიც ასე დააზიანე. თანამდებობები იმდენად ძვირფასია ჩვენი მთავრობისთვის, რომ ეს მაოცებს. თავის დროზე მეც მქონდა თანამდებობა, მაგრამ ჩვეულებრივ დავასრულე. ეტყობა მიჩვევა იცის, არ ვიცი. ჩემი საგანძური თანამდებობა არ ყოფილა. მარტო სახელისა და თანამდებობის თემა რომ იდგეს, კიდევ გავიგებდი, რომ პატივისა და ღირსების მომენტი აქვთ-მეთქი. მაგრამ აქ ჩვეულებრივი კორუფციული ამბებია. ხომ კარგად ხედავთ, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში იდეალი არ არსებობს. არსებობს სწრაფვა, რაც შეიძლება მეტი წაიღონ სახლში", - ამბობს მხატვარი „პრაიმტაიმთან".

კითხვაზე ლარის გაუფასურება ტურისტული ნაკადის შემცირებას დაბრალდა. თქვენ რას მიაწერთ? გია ბუღაძე პასუხობს, რომ „სისულელეა. ხომ დამტკიცდა, რომ 14 პროცენტითაც კი არ დაუკლია რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის შემოსვლას. ევროკავშირის ქვეყნებიდან პირიქით - 15 პროცენტით მოიმატა. რუსს საქართველოდან ვერ გააძევებ. მათ საქართველოზე რაღაც ემართებათ. აქეთ მოილტვიან. „რასიას" ქალად აღვიქვამ და საქართველოს მამაკაცად (იცინის). სექსისტურად კი გამომივიდა, მაგრამ ვერ გვეშვებიან. ეტყობა, თავიანთ „მეს" ჩვენთან პოულობენ. და რაც შეეხება ლარის გაუფასურებას - ამას ჩვენი მთავრობის უსახურ და კორუფციულ ქმედებებს მივაწერ. ყველა იპარავს ბიუჯეტიდან. იდეალების გარეშე არაფერი გამოდის, ეკონომიკაც იდეალებზე დგას, ღმერთო ჩემო. სადაც ბიუჯეტს იპარავენ, იქ ეკონომიკა ჩამოიშლება. ეს ცხადია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×