(რეზონანსი) ჩვენ წითელი ხაზი ვთქვით. ამ ტელევიზიის კონტროლი უნდა იყოს ჩვენზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა ჯარჯი აქიმიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ მას და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2" - ის წილების საკონტროლო პაკეტი არ ექნებათ, მათ გარანტია არ ექნებათ, რომ მოვლენები მათთვის მისაღები ფორმით განვითარდება.
„ჩვენ წითელი ხაზი ვთქვით. ამ ტელევიზიის კონტროლი უნდა იყოს ჩვენზე. თუ არ იქნება კონტროლი, მე ვერანაირ გარანტიას ვერ ვიძლევი, რომ იქ ისე განვითარდება მოვლენები, როგორიც ჩვენთვის მისაღებია. შესაბამისად, ამის მონაწილეები არ ვიქნებით," - განაცხადა დავით დვალმა.
ამასთან, ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, თუ პროკურატურა იტყვის, რომ 2004 წელს მათ ძალადობრივად დაათმობინეს ტელეკომპანიის წილები და ამ საქმის სასამართლო განხილვა დაიწყება, ამავდროულად თუ მათ 60%-იანი წილი გადაეცემათ, ის და დავით დვალი „რუსთავი 2" - ში შევლენ.