რეზონანსი
01.08.2019

 (რეზონანსი) „რუსთვის 2"-ის დამფუძნებლები ქიბარ ხალვაშთან შეხვედრის შემდეგ საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, „ქართული ოცნება" ისტორიაში შევა, როგორც „რუსთავი2-ის" მიმტაცებელი უკვე მეორე ხელისუფლება.

"2004 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში გამოთავისუფლებულ ადგილს წარმატებით და მეთოდურად იკავებს 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის დაპირებითა და ვალდებულებით მოსული„ქართული ოცნების" ხელისუფლება. მივიჩნევთ, რომ 30 ივლისს ჩვენთვის „რუსთავი2-ის" 40%-იანი წილის შემოთავაზებაც ამის დასტურია.

ამ ხელისუფლებამ 7 წლის განმავლობაში მიზანმიმართული ქმედებებით გზა არ მისცა პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, რომელმაც დაზარალებულებად გვცნო, თუმცა საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული.

ბოლოდროინდელი შეთავაზების მიღება კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ დაიბანოს ხელი 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე და სამართლიანობის აღდგენის ილუზია შეუქმნას საზოგადოებას.

ამ შემოთავაზებას წინ უძღვოდა და ახლაც ფონად გასდევს ჩვენ წინააღმდეგ სახელმწიფოს სრული მობილიზება სხვადასხვა ფორმით.

ჩვენთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ ტელევიზიის წართმევიდან მე-15 და სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებით მოსული გუნდის მმართველობის მეშვიდე წელს, ხელისუფლება ყველა ხერხით, მათ შორის სამთავრობო ტროლების და ბოტების არნახული გააქტიურების გზით აბსურდულ ბრალდებებს გაგვივრცელებდა, ბოიკოტს გამოუცხადებდა საპარლამენტო მოსმენას და უმადურებად გამოგვაცხადებდა, რადგან არ ვიღებთ „დიდსულოვნად" ნაბოძებ საჩუქარს.

სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, ჩვენ არ ვაპირებთ თანამონაწილე სტატისტების როლში ყოფნას „რუსთავი2-ის" კვლავ სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში. ხელისუფლებას არ გამოუვა სამართლიანობის აღდგენად გაასაღოს „რუსთავი2-ის" უკანონო მფლობელთა ჯაჭვში შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის გადაცემა. „ქართული ოცნება" ისტორიაში შევა, როგორც „რუსთავი2-ის" მიმტაცებელი უკვე მეორე ხელისუფლება.

ჩვენი მიზანია წართმეული უფლების აღდგენა სამართლებლივი გზით და არა კულუარული გარიგების შედეგად. სახელმწიფო ჩვენ მიმართ უხეშად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლს, რომლის მიხედვითაც ყველას, ვისი ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებებიც ირღვევა, აქვს ეფექტიანი ზომის მიღების უფლება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩადენილ იქნეს იმ პირთა მიერ, რომლებიც ოფიციალური უფლებამოსილებით მოქმედებდნენ.

შესაბამისად, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს თაროზე შემოდებული, 2012 წელს დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ტელევიზიის მისი დაფუძნებლებისთვის დაბრუნება.

ჩვენ განვაგრძობთ სამართლიან ბრძოლას, რათა „რუსთავი 2-მა" დაიბრუნოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მეოთხე ხელისუფლების, თავისუფალი მედიის ფლაგმანის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია", - ნათქვამია მათ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×