(რეზონანსი) ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში პოლიციამ მუშაობა დღეს დაასრულა და შენობაში დღეიდან, პირველი აგვისტოდან სამუშაო პროცესი ჩვეულებრივ განახლდა.
პოლიცია გუშინ, უნივერსიტეტის შენობაში ნაღმს ეძებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.
„უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შემოვიდა შეტყობინება. სათაურში ეწერა, რომ „უნივერსიტეტში" ბომბია და აფეთქდება შემდეგ 48 საათის განმავლობაში. დავურეკეთ შესაბამის ორგანოებს. მოხდა მყისიერი რეაგირება", - ამბობენ ბათუმის უნივერსიტეტში.
არსებული ინფორმაციით, 31 ივლისს, 18:00 საათზე ბსუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, რუსულ ენაზე შევიდა შეტყობინება, რომ უნივერსიტეტის შენობაში ბომბი იყო. გუშინვე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 323 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ტერორიზმით მუქარას გულისხმობს.
გარდა ამისა, გუშინ ბომბს თბილისში კლინიკა „ჰელსიკორეშიც" ეძებდნენა, სადაც თქვეს, რომ სავარაუდოდ იმავე შეტყობინება მიიღეს მათაც და პოლიციამ ვერც მათ კლინიკაში აღმოაჩინა ასაფეთქებელი მოწყობილობა. „ჰელსიკორეში" დაადასტურეს, რომ შეტყობინება რუსულ ენაზე იყო დაწერილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება გრძელდება. კავშირშია თუ არა ეს სამივე მუქარა ერთმანეთთან, შსს-ში აცხადებენ, რომ ამას გამოძიება დაადგენს.
(პრაიმტაიმი)