რეზონანსი
01.08.2019

აშშ-ში ქართველ ემიგრანტებს საქართველოდან მამაკაცი სხვადასხვა რაოდენობის თანხას თაღლითურად სძალავს. როგორც აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი შორენა მოსიძე ამბობს, დახმარების თხოვნის სხვადასხვა შინაარსის შეტყობინებები მან, მისმა რამდენიმე მეგობარმა და სხვა ემიგრანტებმა ახალგაზრდა მამაკაცისგან ბევრჯერ მიიღეს. მან წლების წინ საქველმოქმედო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა და ემიგრანტების შემოწირულობებით ის საქართველოში სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება. როგორც თავად ამბობს, უკვე მეორედ გაება თაღლითების დაგებულ მახეში და სანამ გამოძიება დაიწყება, არ უნდა კიდევ სხვა ემიგრანტებმაც იგივე ბედი გაიზიარონ.

„ძალიან დიდ ბოდიშს მოგიხდით, გთხოვთ, ბავშვი გვყავს ავად, 7 წლის გოგონა, შეძლებისდაგვარად იქნებ დაგვეხმაროთ, ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ ჩვენს გვერდზე დევს. გთხოვთ. ღმერთმა სიკეთით გადაგიხადოთ. გთხოვთ იქნებ არ დაგვტოვოთ გულგრილად, დროც ცოტა გვაქვს, კურსი იწყება რომლის გაცდენაც არ შეიძლება, შესაძლებელია ბავშვმა გავლა და მხედველობა შეძლოს“ - წერს დახმარების მთხოვნელი მამაკაცი.

როგორც შორენა ამბობს, მამაკაცი მათ ბავშვის მამად ეცნობა და შეტყობინებებთან ერთად ანგარიშის ნომერსაც წერს, სადაც ფულის ჩარიცხვა იქნება შესაძლებელი. როგორც მან, ასევე მისმა მეგობრებმა, მოწყალების მთხოვნელ მამაკაცს ბავშვის დიაგნოზის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლის გაგზავნა და პატარას ვიდეო თვალით დანახვას სთხოვენ, საპასუხოდ კი იღებენ წინა წლების ჯანმრთელობის ცნობას და გადაღებულ ბავშვის ვიდეოებს.

თხოვნაზე ჩართოს ვიდეო ზარი, მამა დაუყონებლივ ადრესატებს ემშვიდობება და ეუბნება, რომ საჭირო თანხა უკვე შეაგროვა და  წყვეტს კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობას. თუმცა, როგორც შორენა ამბობს, მოწყალების მთხოვნელი თაღლითი სხვა ობიექტს ირჩევს და მსგავში შინაარსის შეტყობინებებს უგზავნის.

შორენა მოსიძე: „ცოტა ხნის წინ მომღერალმა ნინი წიკლაურმა დამირეკა და მითხრა, რომ მას სოციალურ ქსელში დაუკავშირდა ადამიანი, რომელმაც სთხოვა ავადმყოფი შვილისთვის გაეწია ფინანსური დახმარება. ნინიმ მითხრა, რომ ემიგრანტების გაკეთებული შემოწირულობიდან თუ გვქონდა დარჩენილი თანხა, აღნიშნული ოჯახისთვისაც გაგვეწია ფინანსური დახმარება. მითხრა, თან გადაამოწმეთო. სამწუხაროდ იმ ეტაპისთვის გადამოწმება ვერ მოვახერხე, პირდაპირ 100 ლარი გადავარიცხინე. როგორც კი ფული დაუჯდათ ანგარიშზე, მომწერა, რომ თანხა უკვე აიღო, ძალიან მადლობელი იყო და ისიც მითხრა, რომ 200 ლარი კიდევ აკლდებოდა, რადგან მეორე დღეს ბავშვისთვის თერაპიული მკურნალობა უნდა დაწყებულიყო. კარგა ხანს მწერდა და ბოლოს ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, რომ მეტის საშუალება იმ ეტაპისთვის არ გვქონდა. რამდენიმე დღეში ერთ-ერთმა ადამიანმა მომწერა, მკითხა, ვინ არის ეს ადამიანიაო. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ფეისბუქ მომხმარებელი, მასაც სწერდა და სთხოვდა დახმარებას, ზუსტად იგივე ტექსტით. ფულს მთხოვს, „მაწვება“ და ძალიან დავითრგუნეო...“  

„პრაიმტაიმი“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ინფორმაციის გადასამოწმებლად დაკავშირებოდა მამაკაცს, რომელიც ემიგრანტებს დახმარებას სთხოვს. თუმცა ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად ეს ვერ მოხერხრდა. ამიტომ, მის სახელსა და გვარს არ ვასახელებთ.

„ავიღე პასუხისმგებლობა და ჩავატარე ერთგვარი პატარა გამოძიება. დავურეკე და ვუთხარი, პატარა თანხა მაქვს და მინდა რომ გადმოგცეთ, მოვალ და მოვინახულებ პატარას-თქო. ძალიან დიდი მადლობა აუცილებლად შეგეხმიანებითო. რაღაც პერიოდი, რომ გავიდა ისევ დავურეკე, თუმცა ის ნომერი აღარ ჰქონდა. მერე ჩემი პირადი "ფეისბუქიდან" მივწერე ემიგრანტებმა თანხა შევაგროვეთ და მინდა თქვენი დახმარება-თქო. ასევე, ვუთხარი დამჭირდება ჯანმრთელობის ცნობა-მეთქი. ამის შემდეგ მადლობას მიხდის და მეუბნება, რომ ის თანხა, რომელიც სჭირდებოდათ უკვე იშოვეს. ზუსტად იმავე დღეს ჩემს კიდევ ერთ მეგობარს მიწერა, მასაც ფული თხოვა. ამის შემდეგ დავეჭვდი. როგორც გავარკვიე ადრე ერთმა გოგონამ გაუხსნა ფონდი, სადაც 3 ათასი დოლარი შეგროვდა და გაიტანეს. ერთი სიტყვით ძალადობენ ადამიანებზე, წერენ, ურეკავენ და სთხოვენ ჩაურიცხონ თანხა“, - ამბობს ემიგრანტი.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×