(რეზონანსი) „მსგავსი შეთავაზება არ მქონია", - აცხადებს „რუსთავი 2"-ის ვაშინგტონის ბიუროს კორესპონდენტი დავით ნიკურაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ მან შესაძლოა საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტზე ნოდარ მელაძე ჩაანაცვლოს.
როგორც „პრაიმტაიმისთვის" გახდა ცნობილი, ის უკვე მესამე დღეა თბილისში იმყოფება და გუშინ ტელეკომპანიაში ახალ დირექტორს, პაატა სალიასაც შეხვდა.
„ჩამოვედი შვებულებით. გუშინ მივედი სამსახურში, რომ შვებულებაზე განცხადება დამეწერა და ცხადია, შევხვდი დირექტორსაც. ამ შეხვედრას ჩემი კოლეგებიც ესწრებოდნენ. ვისაუბრეთ ვაშინგტონის ბიუროს მუშაობაზე. სხვა რამე შემოთავაზება არ მიმიღია. შვებულების დასრულების შემდეგ ისევ ვბრუნდები ამერიკაში. მანამდე კი ოჯახთან ერთად დასვენებას ვგეგმავ", - განმარტავს ნიკურაძე.
რაც შეეხება მის განწყობებს ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებულ ახალ ტელევიზიასთან დაკავშირებით, ის აცხადებს, რომ ამ ტელევიზიის შექმნის შესახებ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ შეიტყო და მას გვარამიასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.