რეზონანსი
30.07.2019

 (რეზონანსი) საინვესტიციო ბანკის "გალთ ენდ თაგარტის" ანალიტიკოსის ევა ბოჭორიშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების მიზეზი ნეგატიური მოლოდინებია, რომელიც თავის მხრივ განაპირობა რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვამ და მინერალურ წყალსა და ღვინოზე შესაძლო ემბარგოს დაწესების მოლოდინმა.

"რასაც ვუყურებთ 10-11%-ით ზედმეტად არის გაუფასურებული ლარი. ჩვენი მოლოდინია, რომ ნეგატიური მოლოდინების მინელების ფონზე კურსი უნდა დასტაბილურდეს 2.8 ნიშნულთან ახლოს.

მოველით, რომ ტურისტული ნაკადი შენელდება და ამას შეიძლება გარკვეული გავლენა ჰქონდეს ლარის კურსზე. თუმცა, ამავე დროს ვპროგნოზირებთ, რომ მოხდება იმპორტის კორექტირება და ეს თავისთავად კურსის დასტაბილურებაზე დადებითად იმოქმედებს",-აცხადებს ევა ბოჭორიშვილი.

კითხვაზე, რამ გამოიწვია ლარის გაუფასურების ტენდენცია ივნისის მოვლენებამდე, როცა ეროვნული ვალუტა თებერვლიდან გაუფასურების ტრენდს აჩვენებს, ევა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების შევსება, რაც 200 მილიონი დოლარის შესყიდვით გამოიხატა ბოლო თვეებში.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის სებ-ის მხრიდან ინტერვენციების საჭიროებას, ბოჭორიშვილი პასუხობს:

"სებ-ის განმარტებით ამ ეტაპზე გაუფასურების ასახვა ფასებზე არ ჩანს, შესაბამისად, ეროვნული ბანკი თავს იკავებს ინტერვენციებისგან. ჩვენც ამას ვხედავთ და ჩვენი მოლოდინებით, მალე უნდა დასტაბილურდეს ლარი",-აცხადებს ევა ბოჭორიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×