(რეზონანსი) ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ ლარის გაუფასურების საგარეო შოკებითა და ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირებით ახსნას "არაადეკვატურ შეფასებას" უწოდებს.
როგორც ცომაიამ განაცხადა, კობა გვენეტაძე სულ მცირე არაფერს ამბობს იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება.
მისივე შეფასებით, "სრული სისულელეა" ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ლარის გაუფასურების მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირება.
"ეს იმდენად აბსურდული არგუმენტია, რომ კომენტარის გაკეთებაც კი უხერხულია. თუ საქმე ასე წავიდა, კურსზე ყველაფერი მოქმედებს, ცივი ქარიც კი. ასე, ლარის გაუფასურება ცოტა ხანში შეიძლება წვიმასაც და სხვა უამრავ რაღაცას დავაბრალოთ. ეს ხომ ძალიან არასერიოზულია. ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები სულ მიდის და პირველი ან მეორე შემთხვევა არ არის, როცა მიტინგები ტარდება. ადრე პოლიტიკური პროცესები არ მიდიოდა და რუსთაველზე საპროტესტო აქციები არ იყო?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ეს მიზეზი დავიჯეროთ, გავრილოვი საქართველოში ჩვენ ჩამოვიყვანეთ და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ჩვენ დავსვით?! ხელისუფლება ძალიან არაადეკვატურია! ლარის გაუფასურების საკითხზე მთავრობის განცხადებების შეფასება ძალზე უხერხულია, რადგან არათუ არაადეკვატურები არიან, არამედ ვიტყვი, რომ უვიცებიც არიან", - აღნიშნა აკაკი ცომაიამ "ინტერპრესნიუსთან".
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საგარეო შოკებით და ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირებით ხსნის.