რეზონანსი
30.07.2019

 (რეზონანსი) ზესტაფონის მცხოვრებლების თქმით, რაიონში წელს განსაკუთრებულად მოიმატა კრაზანების რაოდენობამ. მათი მტკიცებით, 2 ზრდასრული მამაკაცის გარდაცვალება სწორედ კრაზანის ნაკბენს მოჰყვა.

ზესტაფონის რაიონის სოფლებში პანიკაა, მათი თქმით, კრაზანების ასეთი შემოტევა არ ახსოვთ და დღე არ გავა რომ მწერმა ვინმე არ დაკბინოს.

ახლობლების თქმით, კრაზანის კბენიდან 20 წუთში გარდაიცვალა სოფელ ბოსლევში მცხოვრები 45 წლის გაიოზ ჭუმბურიძე და სოფელ ცხრა წყაროს მკვიდრი 65 წლის ავთანდილ კვარაცხელია. მათ ეჭვი აქვთ, რომ მწერის ნაკბენმა გამოიწვია სოფელ საქარაში რამდენიმე დღის წინ 6 თვის ბავშვის გარდაცვალებაც.

„16 ივლისს ჩემ ძმას სოკოს კრეფის დროს დაესხნენ კრაზანები, საწყალი გამოიქცა, მაგრამ რას გაექცევი კრაზანას. ერთდროულად სამმა უკბინა, ნაკბენი ჰქონდა კისერზე, ხელზე და ბეჭზე. გაუკეთეს დექსამეტაზონი, დაალევინეს კიდეც სხვა ანტიალერგული საშუალება, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. წუთებში შეშუპდა, მეუღლის და მთელი სოფლის თვალწინ გარდაიცვალა რამდენიმე წუთში. სასწრაფო დახმარების ბრიგადა რომ მოვიდა, უკვე გარდაცვლილი იყო", - ამბობს გაიოზ ჭუმბურიძის და ლია ჭუმბურიძე „კვირისპალიტრასთან".

"16 ივლისს დილის 8 საათზე გავიდა შინიდან, თხილის ბაღში წავიდა, ბალახის გასაგლეჯად, მაგრამ მალევე, წუთებში დაბრუნდა, მიზეზი რომ ვკითხე, მითხრა კრაზანებმა დამკბინესო - პერანგის ქვეშ შეუძვრნენ და რამდენიმე ადგილას უკბინეს. მაშინვე მივეცი დექსამეტაზონი, მაგრამ მომენტალურად გაუშავდა სხეული და ვეღარაფერი ვუშველეთ. წელს ძალიან ბევრი კრაზანაა. ჩვენ ახლა შევწამლეთ ეზო, ძალიან გვეშინია" - განაცხადა ავთანდილი კვარაცხელიას მეუღლემ.

„კრაზანები იკბინებოდნენ და იკბინებიან ყველგან, მთელს მსოფლიოში. კრაზანის შხამი არ კლავს, კლავს ალერგია, როცა ალერგიულია ადამიანი. წელიწადში გარდაცვალების ერთი-ორი შემთხვევა, სამწუხაროდ, ხდება საქართველოშიც. გაცილებით უარესი მდგომარეობაა, მაგალითად, ამერიკაში, სადაც ათასობით ადამიანი იღუპება.

კრაზანა შეიძლება წელს ზესტაფონში იკბინებოდეს, მომავალ წელს სხვაგან... აი, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ იყო სამეგრელოში გარდაცვალების შემთხვევა, იმის წინ იყო გურიაში.

თუ ვინმეს ჰქონდა მწერის წინა ნაკბენზე (არ არის აუცილებელი კრაზანის ნაკბენი ყოფილიყო) მძიმე ალერგიული რეაქცია, მომდევნო ნაკბენმა შეიძლება ძალიან მძიმე რეაქცია გამოიწვიოს. ამიტომ ასეთ ადამიანს სულ თან უნდა ჰქონდეს ანტიალერგიული წამლები", - ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძე.

კვირისპალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×