(რეზონანსი) საგარეო საქმეთა სამინისტროში, დავით გარეჯის ტერიტორიაზე დღეს არსებულ ვითარებაზე გაკეთდა განცხადება.
მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ადასტურებს, რომ გაზრდილია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რიცხვი. მისივე თქმით, გაზრდილია ქართველი მესაზღვრეების რიცხვიც:
„როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 14 ივლისს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე, ადგილი ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დაპირისპირებას. დაძაბულობის დეესკალაცია და ნეიტრალიზაცია მოხდა ორივე ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების ერთობლივი და მყისიერი ქმედებების შედეგად"- განაცხადა დარსალიამ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ადგილზე უკვე მეორე ბაზა გახსნა, დარსალია ამბობს, რომ ეს ბაზა არ არის იქ. დროებითი ინფრასტრუქტურაა განთავსებული.
„აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოჯისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა.
ამის პარალელურად, აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც. ამასთან, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და შემდგომი ინციდენტების თავიდან აცილებისთვის, დაწესდა დროებითი შეზღუდვა მრევლისა და ტურისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ ინციდენტამდე, ადგილზე მიმოსვლა გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდებოდა, თუმცა, 14 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად ვითარება გართულდა.
ამ ეტაპისთვის, სასაზღვრო უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ინციდენტის სრული განმუხტვისა და ვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიზნით.
ბოლო ინციდენტის შემდეგ გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული ორივე მხრიდან გადაადგილებაზე და მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რათა დაბრუნდეს ძველი რეჟიმი" განაცხადა ლაშა დარსალიამ საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.