რეზონანსი
30.07.2019

 თითქმის წელიწადნახევარია გასული მას შემდეგ, რაც დედაქალაქს ღამის ეკონომიკის გაქტიურება აქვს დაანონსებული და სპეციალურად ამ პროგრამისთვის მენეჯერსაც ქირაობს. სერგი გვარჯალაძე თბილისის მერმა ამ თანამდებობაზე 2018 წლის მარტში წარადგინა. 

BM.GE-ის მიერ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ღამის ეკონომიკის პოლიტიკის ფარგლებში დასაქმებულია სულ 5 ადამიანი, აქედან ერთი თავად სერგი გვარჯალაძეა, დანარჩენი 4 კი, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლები არიან. 

საჯარო ინფორმაციიდან ასევე ირკვევა, რომ 2018 წლის განმავლობაში სულ 4 ადამიანი იყო დასაქმებული და მათთვის გადახდილი ანაზღაურება ჯამში შეადგენდა 67 ათას 916 ლარს. 

თუმცა, აქედან უდიდესი ნაწილი - 51 ათას ლარზე მეტი - ერთი პირის ანგარიშზეა გადარიცხული, რომელიც სწორედ სერგი გვარჯალაძეა. მისი ყოველთვიური ანაზღაურება კი, 5200 ლარია. 

თავად სერგი გვარჯალაძე მის ანაზღაურებას ხარჯეფექტურად აფასებს და ამბობს, რომ სამაგიეროდ, რამდენიმე პროექტი ჩატარდა ბიზნესისა და სხვა პარტნიორების დაფინანსებით, რაც სწორედ ღამის ეკონომიკის პოლიტიკის მენეჯმენტის დამსახურებაა და რითიც ბიუჯეტმა საკმაოდ დიდი თანხა დაზოგა. 

“მარტივი მათემატიკით რომ შევადაროთ, ჩვენ წლის მანძილზე რამდენიმე ღონისძიება ჩავატარეთ, რომელშიც შევძელით მოგვეძიებინა არაბიუჯეტური თანხები და რომელიც აღემატება ჩემს ჰონორარს რამდენჯერმე: ეს იქნება საერთაშორისო ფორუმი, ფესტივალი თუ სხვა, სადაც ბიუჯეტიდან ფაქტობრივადვ კაპიკი არ დახარჯულა. 

ასე, რომ ეს შეფარდება ვფიქრობ, ლოგიკურია. თუ ეს შეფარდება არ იქნება ლოგიკური და გამართლებული, ასეთ ერთეულს მერიაში მნიშვნელობა აღარ ექნება”, - აცხადებს გვარჯალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×