რეზონანსი
30.07.2019

 თუშეთის გზაზე, ავტოკატასტროფის დროს დაკარგულ 17 წლის ლევან შაბალაიძეზე ახლობლები და მეგობრები საუბრობენ. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლა ლევანმა წელს დაასრულა. ქვემო ალვანის გარდა, მეზობელ სოფლებში მცხოვრებ თანატოლებთანაც კი მეგობრობდა.

მამამისი, შალვა შაბალაიძე ხელოსანი კაცი იყო. ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში, ის სეზონურ სამუშაოებზე დადიოდა. ლევანმა მამისგან ხელობა ისწავლა და საკუთარი ხელით ყველაფრის კეთება შეეძლო - უყვება „პრაიმტაიმს“ შაბალაიძეების ოჯახის ახლობელი, დავით ლაგაზიძე.

ახლობლები ამბობენ, რომ ლევანს ცხენოსნობა უყვარდა და ტურისტების მომსახურებასთან დაკავშირებით, საკუთარი გეგმებიც ჰქონდა.

ავტოკატასტროფაში დაიღუპა მისი თორმეტი წლის ძმაც. შაბალაიძეების ოჯახის სამმა წევრმა, სოფელ ბეღელაში, ათნიგენობის დღესასწაულზე, სადაც ლევანის მამა, ე. წ. შულტა - სტუმრების მოთავე მასპინძელი უნდა ყოფილიყო, ვეღარ მიაღწია.

ავტოსაგზაო შემთხვევა, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, 27 ივლისს მოხდა. სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც 12 მგზავრი თუშეთის მიმართულებით გადაჰყავდა, ხევში გადავარდა. ხუთმა მგზავრმა მანქანიდან გადახტომა მოასწრო, დანარჩენები სატვირთოსთან ერთად, 200 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაცვივდნენ. ხუთი გარადაცვლილი მაშველებმა იმავე დღეს ამოიყვანეს, მეორე დღეს, მათ კიდევ ერთ გარდაცვლილს მიაგნეს. მეშვიდე მგზავრის, 17 წლის ლევან შაბალიაძის სამძებრო სამუშაოებს სამაშველო სამსახური ხვალ დილიდან განაახლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×