(რეზონანსი) კონკრეტულ კომენტარს იმის შესახებ, თუ როგორ გვესახება „აბაშიძე - კარასინის" ფორმატის მომავალი, მას შემდეგ გავაკეთებ, რაც კარასინის შემცვლელის ვინაობის შესახებ ოფიციალურად გახდება ცნობილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ეს არა კერძო პირების, არამედ ქართულ - რუსული დიალოგი ფორმატია, სადაც სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები განიხილება. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ კონკრეტული პერსონების შეცვლამ აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატზე გავლენა მოახდინოს, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ამაზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც რუსეთის საგარეო უწყება გრიგორი კარასინის შემცვლელის ვინაობას ოფიციალურად დაასახელებს.
„ჩვენ დღეს მედიის საშუალებით მივიღეთ ინფორმაცია გრიგორი კარასინის შესაძლო შემცვლელის ვინაობის შესახებ. კომენტარს გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას.
ამ ფორმატს ჟურნალისტები ეძახიან აბაშიძე-კარასინის ფორმატს. რა თქმა უნდა, ეს პირადად ჩემი დიალოგი არ არის კარასინთან. ეს არის ქართულ-რუსული ორმხრივი დიალოგის არაფორმალური ფორმატი, სადაც განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული თემები, ანუ უფრო პრაქტიკული ურთიერთობების საკითხები. რამდენადაც ცნობილი გახდა, ბატონი კარასინი შემოდგომიდან ტოვებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს. უფრო კონკრეტულ კომენტარს იმის შესახებ, თუ როგორ გვესახება ამ ფორმატის მომავალი, მას შემდეგ გავაკეთებ, რაც მისი შემცვლელის ვინაობის შესახებ ოფიციალურად გახდება ცნობილი," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.