(რეზონანსი) გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა იაგო ნებიერიძემ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
როგორც ნებიერიძის ადვოკატმა, მარიამ პაპოშვილმა განაცხადა, მსჯავდებულის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქებაა.
„გასაჩივრებულია იმ დროში, რა ვადაც გვქონდა. გამამართლებელ განაჩენს არა, მაგრამ ობიექტურ გადაწყვეტილებას ითხოვს. ფიქრობს, რომ გამოძიება სხვა მუხლით უნდა წასულიყო," - განაცხადა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა „პრაიმტაიმთან".
27 მაისს, გორის რაიონულმა სასამართლომ იაგო ნებიერიძე ორივე მუხლში დამნაშავედ ცნო. კერძოდ, განზრახ მკვლელობისა და გარყვნილი ქმედების მუხლებით.
სასამართლო პროცესზე იაგო ნებიერიძემ დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლა და მოსამართლეს მიმართა. მისი თქმით, ის უდანაშაულოა და დამნაშავედ მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობაში უნდა ცნონ.
გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი სამართალდამცავებმა მდინარე ლიახვის პირას რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. საქმეზე ბრალდებულის სახით დააკავეს 33 წლის იაგო ნებიერიძე, რომელიც მეზობლად მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.
მას თავდაპირველად ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კი ბრალი 138-ე მუხლით დაუმძიმდა, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობას გულისხმობს.