(რეზონანსი) რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. მის ადგილზე სამი კანდიდატურა განიხილება, რომელთაგან ერთ-ერთი ივან ვოლინკინი საქართველოში პერსონა ნონ-გრატად არის გამოცხადებული.
„ვინმეს თუ ჰგონია, რომ გამოსწორდება სიტუაცია, რა თქმა უნდა სისულელეა. შეიძლება მეტიც, ნეგატიური ეფექტები იყოს", - ამის შესახებ ანალიტიკოსმა თორნიკე შარაშენიძემ „პრაიმტაიმს" უთხრა. მას მიაჩნია, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა სიტუაციას გააუარესებს.
„კარასინს ჰქონდა ადამიანური პატივისცემა აბაშიძის მიმართ, დიდი ხანია ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და ადმიანური კონტაქტები რაღაც როლს თამაშობს. თუ შეიცვლება რამე უკეთესობისკენ, ნაკლებად მგონია", - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს 23 აგვისტოს 70 წელი უსრულდება. რუსეთის „სახელმწიფო სამსახურის" შესახებ კანონის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის დაკავება მას სწორედ ამ დრომდე შეუძლია.
მთავარი კანდიდატი , რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი ივან ვოლინკინია, რომელიც 2007 წლიდან საქართველოში პერსონა ნონ-გრატადაა გამოცხადებული.