2019 წლის პირველ ნახევარში მოსკოვმა თითქმის 45 ათას უკრაინელს მიანიჭა რუსეთის მოქალაქეობა. ამავე პერიოდში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება 30.772 უკრაინელზე ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ, 29 ათასზე მეტს კი, - დროებითი ბინადრობის ნებართვა მიეცა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება" იუწყება.
„რუსეთის მიზანია, რომ ეს ადამიანები გაცილებით ლოიალურად იყვნენ განწყობილი რუსების მიმართ. ამ შემთხვევაში მათ ექნება ბერკეტი, რომ უკრაინაზე მოახდინოს ზეწოლა რუსეთის მოქალაქეების მეშვეობით, რომლებიც ასევე მზად იქნებიან რუსეთის სასარგებლოდ იბრძოლონ უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე.
ჩიტაძის განცხადებით, ამით მოსკოვს ეძლევა ერთგვარი საბაბი, რომ თუნდაც დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე შეიჭრას.
„უკიდურეს შემთხვევაში კრემლს ექნება საბაბი, რომ რუსეთის მოქალაქეების დაცვის მიზნით დონეცკისა და ლიგანსკის ოლქებში შეიჭრას, როგორც ეს მოხდა საქართველოსთან მიმართებაში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, რაც თითქოს რუსეთის მოქალაქეების დაცვით მიზნით იყო განხორციელებული," - აღნიშნავს ჩიტაძე.
ცნობისათვის, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ გააფართოვა უკრაინის მოქალაქეების არეალი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღონ. დოკუმენტის თანახმად ვიგებთ, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ არა მხოლოდ უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რაიონებში (ტერიტორიები უკრაინის კონტროლის მიღმა) მცხოვრებლებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ამ ქმედებას გმობს და კრემლის მიერ გაცემულ „პარპორტებს" არ სცნობს.
ნიკა ჩიტაძის თქმით, რუსეთის მიზანს ამ ტერიტორიების მიერთება არ წარმოადგენს, არამედ პრიორიტეტი დონეცკისა და ლუგანსკში მუდმივად დაძაბულობის არსებობაა.
„ამ ტერიტორიებს რუსეთი არ მიიერთებს. ყირიმისგან განსხვავებით აღნიშნულ ტერიტორიებს რუსეთი აღიარებს, როგორც უკრაინის ტერიტორიას. ყირიმში რუსეთს სხვა ტაქტიკა აქვს. რაც შეეხება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს, აქ რუსეთის მიზანია, რომ მუდმივი დაძაბულობის კერა არსებობდეს და უკრაინის სახელმწიფოებრიობა სწორედ ამ არასტაბილურობით დაასუსტოს.
„რუსეთი ეცდება ამ ტერიტორიებზე დე-ფაქტო კონტროლი დაამყაროს. ოფიციალურად რუსეთი ამ ტერიტორიას არ გამოაცხადებს რუსეთის შემადგენელ ნაწილად, შესაძლოა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს.
"ამ შემთხვევაში რუსეთის მიზანი ორმაგი სტანდარტის დამყარებაა. რუსეთი ამ ტერიტორიების აღიარებს, როგორც უკრაინის შემადგენელ ნაწილს, მაგრამ მეორეს მხრივ ყველანაირ დახმარებას, მათ შორის ფინანსურს, უწევს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.