(რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილის ამოცანა პირველ რიგში მამუკა ხაზარაძის დასჯაა. რა თქმა უნდა, როგორც გვერდითი ეფექტი, ამით „თიბისი ბანკი", მთლიანად ქართული ეკონომიკა და ანაკლიის პორტიც ზარალდება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პროკურატურის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წაყენების კომენტირებისას განაცხადა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი სამიზნე მამუკა ხაზარაძეა, როგორც მის კონტროლს არ დაქვემდებარებული პირი, ამ პროცესის შედეგად კი „თიბისი ბანკი" და ანაკლიის პორტი ზარალდებიან.
„ივანიშვილის ამოცანა პირველ რიგში მამუკა ხაზარაძის დასჯაა, გავიხსენოთ მოვლენათა ჯაჭვი, 2018 წლის ივნისში ივანიშვილი საჯაროდ აკრიტიკებს ხაზარაძეს და ივლისში, 6 სხვადასხვა სამართალდამცავი სტრუქტურა ერთდროულად შედის და იწყებს „თიბისი ბანკის" შემოწმებას. რა იყო სამიზნე, „თიბისი" ან ანაკლია? არა, პირველ რიგში სამიზნე იყო თვითონ ხაზარაძე, როგორც ივანიშვილისგან დამოუკიდებელი, ივანიშვილის კონტროლს არ დაქვემდებარებული პირი.
ივანიშვილს ტოტალური კონტროლი სურს, სხვაგვარად იგი ამ საზოგადოებას ვერ შეინარჩუნებს. მისთვის საფრთხეს წარმოადგენს ყველა, ვისაც დამოუკიდებლად სოციალური და ფინანსური კაპიტალი აქვს, ამიტომ აღმოჩნდნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე სამიზნე. რა თქმა უნდა, როგორც გვერდითი ეფექტი, ამით „თიბისი ბანკიც" , მთლიანად ქართული ეკონომიკა და ანაკლიის პორტიც ზარალდება", - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი „ინტერპრესნიუსთან".