თუშეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ფშავი-ომალოს გზაზე მომხდარ ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან სამი ერთი ოჯახიდანაა – მამა, შალვა შაბალაიძე და მისი ორი შვილი – გაგა და ლევან შაბალაიძეები. გაგა შაბალაიძე 12 წლის იყო. ასევე გარდაცვლები არიან სატვირთოს მძღოლი 25 წლის ზაურ გიგოიძე და 68 წლის ნათელა ალდამიძე-გიგოიძე. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 3 მოქალაქე ხევიდან ამოიყვანეს. 2 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.
ურთულესია თუშეთის გზა, სადაც წელიწადი არ გავა ვინმე არ დაიღუპოს, მაგრამ ასეთი ტრაგედია კარგა ხანია არ დატრიალებულა.
ვინც გადარჩა, იმის ნაამბობიდან ვიცი, რომ ზაურს მანქანა აღმართზე გაუჩერდა, ვერ მოახერხა წინ გზის გაგრძელება, მალევე კი დაგორდა და ხევში გადავარდა. ზაურს მანქანა ახალი ნაყიდი ჰქონდა, საკმაოდ ძველი სატვირთო იყო, კარგა ხანს აკეთებდა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ამ გზაზე ამ მანქანით პირველადაც მიდიოდა.
უცნაურია, რომ ამდენი ხალხი წავიდა თუშეთში “კამაზით”, რატომ გადაწყვიტეს ძარით მგზავრობა, როცა იქ "კამაზებით" უკვე აღარავინ ადის. ამ მანქანებით თუშეთში ახლა მხოლოდ ის მძღოლები ადიან, რომლებსაც სამშენებლო მასალა ააქვთ. ზაურმაც ამიტომ იყიდა საკამოდ ძველი “კამაზი” , ფიქრობდა, ახლა თუშეთში მშენებლობებია, მეც ვატარებ სამშენებლო მასალებს და ცოტა ფულს ვიშოვიო. ხატობაში მიდიოდა ბედნიერი ხალხი და ასეთი ტრაგედიით დასრულდა ყველაფერი", - განუცხადა "ამბებს" ალვანის მკვიდრმა.