ნინო ჯანელიძე სოციალურ ქსელში გუშინდელ სასამართლო პროცესზე წერს, სადაც 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებს ასამართლებდნენ.
,,ჩემი ორი უახლოესი მეგობრის მეუღლეების სასამართლოს დავეწარი. ასე მინდოდა, მათთვის ჩემი თანადგომა გამომეხატა. ორივეს მეუღლეები დაკავებული არიან 20-21 ივნისის ამბებთან დაკავშირებით.
ახლა გეტყვით, რა ნახეს ჩემმა თვალებმა და რა გაიგონეს ჩემმა ყურებმა: სასამართლოზე ბრალდების მხარე იყო უსუსტესი, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგა სამარცხვინო მტკიცებულებებითა და სასაცილო, ვარაუდებზე დაფუძბებული ვაი არგუმენტებით.
არ იყო აუცილებელი, ყოფილიყავი იურისტი და გცოდნოდა სამართალი, ასეთი დასკვნა რომ გამოგეტანა. დაცვამ პროკურორი პრაქტიკულად ბეჭებზე დააგდო! ასეთი საქმე ყველა ნორმალურ ქვეყანაში უდაოდ ბრალდებულების სასარგებლოდ და მათი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებით დასრულდებოდა. ჩვენთან კი რა ხდება?...
გამოვიდა მოსამართლე (ბეჟან ლორთქიფანიძის შემთხვევაში ძალიან ახალგაზრდა გოგო), რომელსაც მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა, როგორც კანონისა და სამართალის უზენაესობის განმასახიერებელს და ,,თავისი" გადაწყვეტილება გაგვაცნო, რითიც ყველას ,,სახეში სილა გაგვაწნა".
ვუყურებდი ამ ახალგაზრდა ,,მოსამართლეს" და მომენტში მივხვდი, რომ შემეშინდა. განა საშიში არ არის უსუსური ,,მოსამართლე" , რომელსაც მიუთითებენ რა განაჩენი უნდა გამოიტანოს და ისიც უნამუსოდ რომ აღასრულებს უზენაესი ,,მოკარნახის" მითითებებს?
მართლა შემეშინდა, როცა წარმოვიდგინე და გავიაზრე, თუ რა პერსპექტივა აქვს ასეთ ახალგაზრდა ასაკში, თავსი კარიერის დასაწყისშივე გასვრილ, უკვე უპრინციპო ,,მოსამართლეს" , რომელსაც ალბათ ჯერ ღამღამობით მშვიდად ვერ სძინავს და ვიმედოვნებ, რომ ჯერ კიდევ აქვს სინდისის ქეჯნები. ხომ წარმოგიდგენიათ, წლების მერე რა სრულყოფილ, ნამუსგარეცხილ, ყველაფერზე ხელისმომწრ მარიონეტად ჩამოყალიბდება და როგორი მოსახერხებელი იარაღი იქნება იდუმალი ,,უზენაესი მოკარნახის" ხელში...
ვაი, მათ, ვინც ამ უკვე უპრინციპო ,,მოსამართლის" მსხვერპლია. ვაი, მათ, ვინც ასეთი მოსამართლეების სამართალის იმედად უნდა დარჩნენ, ანუ ვაი, ჩვენ სუყველას! უკვე ვაი, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო თავისუფალი არ არის და სამართალიც შერჩევითია!
თუმცა ეს ყველაფერი ჩემი ვარაუდებია... შესაძლოა საფუძველს მოკლებული, მსგავსად დაღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურის მიერ წარდგენილი არაარგუმენტირებული ბრალდებებისა და ჰიპოთეზებისა იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელსაც 43 წლის მანძილზე კანონი არ დაურღვევია და კრიმინალი არ ჩაუდენია, კამერაში უნდა დატოვონ, რადგან მან შესაძლოა ციხის გარეთ ყოფნისას კრიმინალი და დანაშაული ჩაიდინოს.
სხვათა შორის, ეს იყო პროკურორის ერთ-ერთი ჰიპოთეზა-არგუმენტი, თუ რატომ უნდა დარჩენილიყვნენ ბრალდებულები ციხეში".
წყარო: სარკენიუსი