გურამიშვილის გამზირზე, 24 ივლისს მომხდარი დანაშაულის დეტალები ისევ ბურუსით მოცულია. ახლობლებს ისევ არ აქვთ მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რას შეეწირა 2 წარმატებული ახალგაზრდის სიცოცხლე.
შალვა (შაკო) ტყემალაძის და გურამ (გუგა) კოღუას ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ და ახლა ექსპერტიზით უნდა გაირკვეს მომხდარი უბედური შემთხვევა იყო თუ განზრახ მკვლელობა. საზოგადოებაში აქტიურად განიხილება ერთადერთი ვერსია – ერთ-ერთ ბიჭს იარაღი გაუვარდა და ნახა რა, რომ მეგობარი მოკლა, სასოწარკვეთილმა თავი მოიკლა. პროკურატურამ კი მომხდარს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა და საქმე 109-ე მუხლით აღიძრა, თუმცა სამართალდამცავებს დანაშაული ჯერჯერობით არ გაუხსნიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ ერთ ახალგაზრდას თავში აქვს ტყვია მოხვედრილი. რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება და აქვთ თუ არა მათ ხელჩასაჭიდი, ჯერჯერობით არ ხმაურდება.
"მკვლელობის დროს სახლში არ ვიყავით, რომ მოვედი, უკვე პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი აქაურობა. ამ ზაფხულს პერიოდულად ვხედავდი შაკოს ძმას, თორნიკეს, რემონტი ჰქონდათ და ის აკითხავდა მუშებს. ამ ზაფხულს დაასრულეს რემონტი. გასროლის ხმაც არავის გაუგია და ვერ გეტყვით, რა მოხდა", – ამბობს ტყემალაძეების კარის მეზობელი.
გუგა კოღუას ოჯახმა პოლიციისგან გაიგო მომხდარი. ის დედისერთა, წარმატებული ბიჭი იყო და ახალი ჩამოსული იყო გერმანიიდან, სადაც სწავლობდა და სამეცნიერო საქმიანობას აპირებდა.
"გუგა ჯავახიშვილში, ქიმიურზე სწავლობდა, გრანტი მოიპოვა. ორი წელია გერმანიაში სასწავლებლად რომ წავიდა, ძალიან კარგი, გამორჩეული ბიჭი იყო. ბავშვობიდან განსაკუთრებით უყვარდა ქიმია და სულ ამბობდა, ამ დარგში მეცნიერებას უნდა გავყვეო. სულ წიგნებში იქექებოდა, განათლებული ბიჭი იყო. ერთადერთი შვილი ჰყავდათ მშობლებს, რომლებიც უპატიოსნესი ხალხია.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ ახლა მათ ოჯახში და მთლიანად სანათესაოში რა ხდება. განადგურებულები ვართ ყველანი. სიცოცხლით სავსე ბიჭი, რომელსაც მომავალი წინ ჰქონდა, აღარ გვყავს. ძნელია ასეთ დროს რამე თქვა საერთოდ, ჭკუა არავის ეკითხება, ყველა ისეთ დღეშია და განიცდის.
გუგას ოჯახმა ღამის პირველ საათამდე არ იცოდა, ეს უბედურება რომ დაატყდათ თავს. პატრულის თანამშრომელი მისულა ბებიამისთან და საშინელი ამბავი უთქვამთ.
მოჩხუბარი და კონფლიქტური არ იყო, ამიტომ ყოველთვის მშვიდად იყვნენ, როცა ის სადმე მიდიოდა. არასოდეს ჰქონია იარაღთან შეხება, არც მამამისს ჰქონია არასოდეს იარაღი, ამიტომ ძალიან გვაინტერესებს, ვისი იყო ეს იარაღი", – ამბობს ოჯახის ახლობელი.
(პალიტრა)