რეზონანსი
27.07.2019

 (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონიძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

დაცვის მხარე 10 000 ლარიან გირაოს ითხოვს

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი დღეს წარუდგინეს.

ის ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ოქრუაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე მოწმის სტატუსით, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით 23 ივლისს გამოიკითხა. ამ საქმეზე გამოიკითხნენ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც, მათ შორის ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ბარამიძე, გიგი უგულავა, ხატია დეკანოიძე და გუბაზ სანიკიძე.

20 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2"-ის მესაკუთრეა. 18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×