თამარ შუკვანი
27.07.2019

 მოსკოვში გამართული საპროტესტო აქცია დემონსტრატებსა და პოლიციას შორის შეტაკებით დასრულდა. 27 ივლისს აქციის დაშლა ძალის გამოყენებით მოხდა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დააკავეს და არიან ასევე დაშავებულებიც. დაკავებულთა შორის ის კანდიდატებიც არიან, რომელთაც მერიის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.

მოსკოვში საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე დღეა იმართება და მათი მონაწილეები მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვას აპროტესტებენ.

„მოსკოვში რეპრესიების უზარმაზარი ტალღაა იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების არჩევა არ დაუშვან. ამ შემთხვევაში საუბარია მოსკოვის საქალაქო საბჭოზე.

"მსგავსი პროცესები მაფიქრებინებს, რომ ჯერჯერობით რაიმე ცვლილებას რუსეთში პერსპექტივა არ აქვს. ცდილობენ, რომ სერიოზული პოლიტიკური ფრაქციის ჩამოყალიბებაც კი არ მოხდეს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი რუსეთში მიმდინარე პროცესებს.

მენაღარიშვილის თქმით, მთელ ამ პროცესს რუსეთის ხელისუფლება აკონტროლებს და რაიმე ცვლილებას ამ კუთხით, უახლოეს პერიოდში არ უნდა ველოდოთ.

„არავითარ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, რადგან რუსეთის რეჟიმი მკაცრად აკონტროლებს მთელ ამ პროცესს. მოსკოვში, პეტერბურგში და კიდევ რამდენიმე ასეთ ინდუსტრიულ ცენტრში მმართველი პარტია და ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული წესების გამოყენებით, პირდაპირ დრაკონულ მეთოდებს მიმართავს, რაც ძალიან კარგად ჩანს რუსული ტელევიზიებითაც. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ რაიმე ცვლილების პერსპექტივა, ამჟამად და ალბათ უახლოეს პერიოდში, არ არსებობს.

„რუსეთში არის უამრავი მცირე ოპოზიციურად განწყობილი პარტიები. მაგალითად, „მემარჯვენე ძალების კავშირი," „სიახლისთვის მებრძოლთა კავშირი," „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი," რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პარტიაა რუსეთში და მათ მიერ ინიცირებულ მიტინგებზე ათასობით ადამიანი მოდიოდა. ყველა ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, ვისაც დეპუტატობის კანდიდატობაზე განაცხადი ჰქონდა შეტანილი, დღეს დაკავებულია," - აღნიშნა მან.

მენაღარიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის დღევანდელი რეჟიმი არ დაუშვებს, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი ოპოზიციური პარტია, რომელიც მმართველ გუნდს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. მისი თქმით, დღეს არ არსებობს ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც სერიოზული ძალა იქნება ხელისუფლების შესაცვლელად.

„ამ დღეებში ჩატარდა მასიური ჩხრეკები მათ შტაბ-ბინებში. არის უზარმაზარი ტალღა რეპრესიების იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების არჩევა რეალურად არ დაუშვან და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია მოსკოვის საქალაქო საბჭოზე. მსგავსი პროცესები მაფიქრებინებს, რომ ჯერჯერობით რაიმე ცვლილებას რუსეთში, პერსპექტივა არ აქვს.

„ცალკე გამოკვეთილი პარტიის დასახელება ძნელია, რადგან ოპოზიციონერთა შორის არც ისეთი კოორდინაციაა, რომ ამ საპროტესტო განწყობის მქონე ელექტორატს თავი მოუყაროს. ადამიანები, ვინც არსებული პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ ხმას მისცემენ, საკმაოდ დიდი რაოდენობით არის მოსახლეობაში, მაგრამ მათი პოლიტიკური პოზიციის ასახვა არჩევნების შედეგებზე მცირდება. ასევე მათი ორგანიზება და არჩევნებში დაშვებაც, რომ მმართველ პარტიას დაუპირისპირდეს.

„მოსკოვში ამიტომაცა არის ყველა მობილიზებული. მოსკოვის პარლამენტის ხელში ჩაგდებასა და მართვაზე საუბარი არ არის. ცდილობენ, რომ უბრალოდ სერიოზული პოლიტიკური ფრაქციის ჩამოყალიბებაც არ მოხდეს და ამისთვის რუსეთის მმართველი რეჟიმი ყველაფერს აკეთებს," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ცნობისათვის, მოსკოვში რუს ოპოზიციონერ ლიდერს, ალექსეი ნავალნის წინა კვირაში 30 დღით პატიმრობა მიესაჯა. მას ბრალი არასანქცირებული საპროტესტო აქციის ჩატარების მოწოდებების გავრცელებაში ედება.

მოსახლეობის ნაწილი 8 სექტემბრის მოსკოვის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციონერი ლიდერების დაბლოკვას აპროტესტებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ საარჩევნო კომისიამ დაახლოებით 30 კანდიდატს არ მისცა უფლება, კენჭი ეყარა. მიზეზად კი ის დასახელდა, თითქოს მათ მიერ შეგროვილი 5 500 ხელმოწერა გაყალბებული იყო. გასულ კვირას ათასობით ადამიანი მოსკოვის ქუჩებში ამ კანდიდატების დისკვალიფიკაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. ნავალნიმ მოსახლეობას სწორედ მაშინ მოუწოდა უფრო ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარებისკენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×