(რეზონანსი) სოციალურ ქსელში დღეს, 26 ივლისს, გავრცელდა პეტიცია რეანომობილის მოთხოვნით. პეტიციის ტექსტში წერია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს, კერძოდ, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს არ ჰყავს კატასტროფის ბრიგადა, რის გამოც პრობლემა ექმნება ადამიანის სიცოცხლეს.
პეტიციის ავტორი ლამარა ბოჭორიშვილი „ბათუმელებთან" ამბობს, რომ რეანომობილის არქონის გამო, 16 წლის მოზარდი, რომელიც დროულად ვერ გადაიყვანეს კლინიკაში, ისევ კომაშია. მოზარდი 22 ივლისს რაჭაში, ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა დასასვენებლად და შეუძლოდ გახდა.
„სოფელში დასასვენებლად ჩამოვიდა ბავშვი და გახდა ძალიან ცუდად, როდესაც გამოიძახეს რეანომობილი, უნდა გადმოსულიყო ლენტეხიდან. როგორც ვიცი, გადმოვიდა დაგვიანებით, შემდეგ შაორზე, გზაში გაჩერდა რამდენიმე საათით, სუნთქვის აპარატიც გამოერთოთ, მოზარდი დაგვიანებით გადაიყვანეს ჯერ ტყიბულში, შემდეგ კი - ქუთაისში. მოზარდი ახლაც საავადმყოფოშია უგონო მდგომარეობაში", - გვეუბნება ლამარა ბოჭორიშვილი.
მისი თქმით, წინა წლებში ამბროლაურს ჰქონდა რეანომიბილი, თუმცა რა მიზეზით გაუქმდა, მისთვის უცნობია. „ადგილობრივი ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს პრობლემის მოგვარებას, მაგრამ არ გვარდება, რადგან როგორც ვიცი, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი",
ბოჭორიშვილის თქმით, რეგიონს არა მარტო რეანომობილის, პროფესიონალი კადრების პრობლემაც აქვს.
16 წლის მოზარდთან ლ.ფ-სთან დაკავშირებით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 25 ივლისს, გაავრცელა ინფორმაცია, სადაც წერს: „პირველადი მოკვლევით გამოვლინდა, რომ კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა, რაზეც სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს".
რაც შეეხება ექიმების პასუხისმგებლობას, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, „რეგულირების სააგენტო, კანონით განსაზღვრულ ფარგლებში დააყენებს არამხოლოდ ექიმების, არამედ კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებების პასუხისმგებლობის საკითხს", - ნათქვამია განცხადებაში.
ბათუმელები