რეზონანსი
27.07.2019

 (რეზონანსი) თბილისში, გურამიშვილის გამზირის, სადაც მრავალსართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში 2 ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს.

როგორც გაირკვა, 21 და 27 წლის ბიჭები ცეცხლსასროლი იარაღით არიან გარდაცვლილები. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრები ერთ-ერთის - შაკო ტყემალაძის მამამ ნახა. მეორე გარდაცვლილი გურამ (გუგა) კოღუაა.

როგორც გარდაცვლილი შაკო ტყემალაძის ახლობელმა kvirispalitra.ge-სთან განაცხადა, გარდაცვლილები ბინაში მართლაც შაკო ტყემალაძის მამამ, გრიგოლ ტყემალაძემ ნახა, რომელიც მას მერე, რაც ვაჟმა კარი არ გაუღო, ბინაში სათადარიგო გასაღების გამოყენებით შევიდა.

"შაკო უცხოეთში, გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად იყო წასული, ახალი ჩამოსულია უცხოეთიდან. ბინა, სადაც ეს საშინელება მოხდა, სწორედ მისი ჩამოსვლისთვის გაარემონტეს და ბიჭს დაახვედრეს, სადაც წინა დღეს სუფრაც ჰქონიათ გაშლილი. დედ-მამაც იქვე ახლოში ცხოვრობს. შაკოს უთქვამს მშობლებისთვის, სახლს მივალაგებ და მერე გადმოვალო. როგორც ამბობენ, რომ აღარ გამოჩნდა და ტელეფონზეც არ პასუხობდა, მამა იმიტომ წავიდა ამბის გასაგებად. კარი რომ არავინ გაუღო, სათადარიგო გასაღებით გახსნა და ისე შევიდა. ჰოდა, ეს საშინელება დახვდა. თურმე ორივეს ტყვია აქვს მოხვედრილი. როგორც თქვეს, მკვლელობის იარაღი იქვე ეგდო.

არავინ იცის რა მოხდა. ვის უნდა გაემეტებინა ასე სასტიკად ბიჭები. შაკო გამორჩეული ახალგაზრდა იყო. ფიზიკურადაც ძალიან კარგი, უჭკვიანესი, ის ჩემს თვალწინ გაიზარდა, წარმატებული ბიჭი იყო. სულ განათლების მიღებაზე ორიენტირებული. ოჯახიც საუკეთესო აქვთ. მამამისს ბიზნესი აქვს და ეკონომიკურადაც არ უჭირთ. ვინ და რატომ გაიმეტა ისინი, არ ვიცით. მის მეგობარს არ ვიცნობდი, ამბობენ ლისზე ცხოვრობს მისი ოჯახიო, ის ბიჭიც თურმე სასწავლებლად გერმანიაში იყო წასული და იქიდან ყოფილა ჩამოსული.

წარმოუდგენელია, შაკოს მტერი ჰყოლოდა. მამამისი მაშინვე წაიყვანა პოლიციამ დაკითხვაზე. დედამისს თავიდან უთხრეს, დაჭრილიაო, რის მერე გაუთავებლად ურეკავდა, არ იჯერებდა, რომ შვილი ცოცხალი აღარ ჰყავდა. გაოგნებულები და განადგურებულები ვართ. იმედია გამოძიება დაადგენს სიმართლეს ", - განაცხადა ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×