(რეზონანსი) ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც დანერგილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მას აქვს ეროვნული პროექტის სტატუსი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა C-ჰეპატიტების დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა მოქლაქეებს სკირინინგის ჩატარებისკენ მოუწოდა.
მოგეხსენებათ, რომ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა უკვე არსებობს და ის დანერგილია საქართველოშიც, მაგრამ C ჰეპატიტთან ბრძოლა ჯერ კიდევ რჩება ძალიან მძიმე გამოწვევად ყველა ქვეყნისთვის. მაგრამ საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, ვინაიდან ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც დანერგილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მას აქვს ეროვნული პროექტის სტატუსი. ის დაიწყო 2015 წლიდან და მე ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ბევრი იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო სამაგალითო ქვეყანა C ჰეპატიტთან ბრძოლაში. შემდეგ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეფექტურობის ამაღლების მიზნით სხვა ნაბიჯებიც იყო გადასადგმელი და ჩვენ დავიწყეთ C ჰეპატიტის პროგრამის ე.წ დეცენტრალიზაციის პროცესი, რომ პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მომხდარიყო სკრინინგი, რათა რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ესარგებლა ამ სერვისით. დღეს C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც. მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით მიმდინარეობს ინტეგრირებული C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივინფექციის აქტიური სკრინინგის პროგრამა.
ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ სკრინინგის მოცულობა. დღეისათვის არსებული მონაცემებით, 1.5 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა სკრინინგი C ჰეპატიტზე, 58 000-ზე მეტი პირი ჩაერთო მკურნალობის პროგრამაში და 54 000-მდე პაციენტმა წარმატებით დაასრულა მკურნალობა.
ეს სიტყვები, რომელიც თქვენ გითხარით, პირადად მაქვს მოსმენილი მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერისგან, თუმცა იმისათვის, რომ 2020 წლისთვის მივაღწიოთ C ჰეპატიტის ელიმინაციას, საჭიროა საზოგადოებისა და ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი მობილიზება, რადგან ჯერ კიდევ რჩება ათასობით ინფიცირებული პირი, რომელთაც ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ სკრინინგი და, შესაბამისად, არ იციან თავიანთი სტატუსი.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ნაბიჯები, რომელიც დაგეგმილია სამომავლოდ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს და 2020 წელს მოვახდინოთ C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს - მეგობრებო, არ გადავდოთ და ყველამ ჩავიტაროთ სკრინინგი.
აქ შეკრებილ სამედიცინო საზოგადოებასთან და განკურნებულ პაციენტებთან ერთად, მინდა დავარწმუნო ყველა, რომ C ჰეპატიტი განკურნებადია და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენ შევძელით, რომ ის აღარ არის სტიგმა ქართულ საზოგადოებაში" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.