(რეზონანსი) მე თხოვნით მივმართავ დღევანდელ ხელისუფლებას: ნუ შეეცდებით ბოლომდე მდგომარეობიდან გამომიყვანოთ, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.
მაჩალიკაშვილის თქმით, მისი ძმის შვილის ჰუსეინ (მორის) მაჩალიკაშვილის დაკავება არის ხელისუფლების შურისძიება იმის გამო, რომ მან კარავი დადგა პარლამენტთან.
„გველი იკბინება ყველაზე მაგრად, როცა გრძნობს სიკვდილს - ამ პოზიციაშია ხელისუფლება, ამ ჯოხს ტეხავენ ჩემს კისერზე იმიტომ, რომ ამდენი სასტიკი დანაშაული ჩაიდინეს და მე არ ვტყდები, ამ პოზიციას არ ვთმობ. მეც იგივე პოზიციაში აღმოვჩნდები და საბოლოოდ მომიწევს რაღაც მოვიმოქმედო, იქამდე მე თხოვნით მივმართავ დღევანდელ ხელისუფლებას: ნუ შეეცდებით ბოლომდე მდგომარეობიდან გამომიყვანოთ. რაც ჩაიდინეთ სისხლიანი დანაშაული, ის მოინელეთ ჯერ და იქ გამეცით პასუხი, ის ადამიანები დასაჯეთ, მის მერე თუ გინდათ მე დამსაჯეთ, ვინც გინდათ ის.
ახალგაზრდა ბავშვი, რომელიც თემირლანის ადგილას მყავს, ის გამოუშვით და მე დამაკავეთ, არ არის ის დამნაშავე. მისი დაკავება არის ამ კარავზე შურისძიება, ეს არის პირდაპირი შურისძიება. კადრები არ მინახავს, მაგრამ იმ დღეს აქ რაც ხდებოდა ყველაფერს ვხედავდი. ყველა ის ადამიანი, ვინც აქ იყო მოსული 20 ივნისს, ამ ამბით შოკში იყო, ზოგმა არ იცოდა რას აკეთებდა და იყო ყველა ერთიანად გამწარებული. ჰუსეინის(მორისის) დაკავებით დღეს ცდილობენ, რომ წელში გამტეხონ, ჰუსეინი კი არა, მთელი ჩემი ოჯახი რომ ამობუგონ, ვერ გამტეხენ",- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.