(რეზონანსი) თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ოქრუაშვილი მის დაკავებას „რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მის გააქტიურებას უკავშირებს. როგორც ჭაბაშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ოქრუაშვილისთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, შესაბამისად საქმის მასალებიც არ გადასცემიათ.
„გუშინ როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი ვნახე, მან ცალსახად ეს ბრალდება დაუკავშირა მის ბოლოდროინდელ გააქტიურებას, კერძოდ, „რუსთავი 2"-ის საქმეს. ბრალება ჯერ არ წაგვდგენია, რომ სამართლებრივ ჭრილში გითხრათ, რით ასაბუთებენ და როგორ ასაბუთებენ. გარდა იმ კადრებისა, რაც ვუყურე. თუმცა, იქ არაფერი არ არის აბსოლუტურად. როცა გადმოგვცემენ საქმის მასალებს, მერე უკვე დეტალურად ჩამოვაყალიბებთ", - განაცხადა ჭაბაშვილმა.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც ირაკლი ოქრუაშვილი ჩანს, როგორც ადვოკატი აცხადებს, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში არ ჩანს, რომ ოქრუაშვილი ვინმეს ურტყამს ან შეურაცხყოფას აყენებს და აქციის მონაწილეებს რაიმეს მოუწოდებს
„ირაკლი ოქრუაშვილი, ისევე, როგორც ათასობით თუ ათიათასობით მოქალაქე, არის იქ და ყველანი აპროტესტებენ, ვიცით, რასაც. ამ ჭყლეტაში ერთი მხრიდან მოქალაქეები, მეორე მხრიდან პოლიციელები არიან და აქ სადღაც შუაგულში არის. არავის არ ურტყამს, არავის შეურაცხყოფას არ აყენებს. არსად არ ჩანს, რომ ვინმეს რაიმეს მოუწოდებდეს. ეს კადრები რა მტკიცებულებაა?!", - განაცხადა ჭაბაშვილმა.