„სირიაში ავიაიერიშების შედეგად, ბოლო 10 დღის განმავლობაში სულ 103 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, რომელთაგან 26 არასრულწლოვანია," - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა.
მისი თქმით, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის და მისი მოკავშირეების მიერ წარმოებული საჰაერო შეტევების დროს მიზანში იღებდნენ სკოლებს, სავადმყოფოებს და ბაზრებს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, ავიაიერიშები ერთსა და იმავე ობიექტებზე რამდენჯერმე ხორციელდებოდა. მიშელ ბაჩელეტი მიიჩნევს, რომ აქედან გამომდინარე, შესაძლოა, აღნიშნული თავდასხმები შემთხვევითი სულაც არ იყო.
ბაშარ ალ-ასადის ჯარებთან ერთად, ავიაიერიშებს სირიასი რუსეთის ავიაცია ახორციელებს. 22 ივლის რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უარყო სამოქალაქო თავდასხმის ბრალდებები.
გაცნობებთ, რომ ბაშარ ალ-ასადმა და მისმა მოკავშირეებმა, მათ შორის რუსეთმა, იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების წინააღმდეგ ოპერაცია 2019 წლის აპრილში დაიწყეს. გაერო-ს მონაცემებით, ამ ხნის განმავლობაში საჰაერო თავდასხმების შედეგად 730 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათგან 180 ბავშვია. 400 ათასი ადგილობრივი კი იძულებული გახდა მშობლიური სახლი დაეტოვებინა. ოპერაციის ფარგლებში რიგი ქალაქები და სოფლები მოსახლეობისგან ბოლომდე დაიცალა.