თამთა ჩაჩანიძე
26.07.2019

 ბრიტანეთის მედიის მარეგულირებელმა კომისიამ Ofcom-მა კრემლის რუსული სახელმწიფო ტელეარხი RT, ყოფილი „რაშა თუდეი", 200 ათასი გირვანქა სტერლინგით მაუწყებლობის წესების უხეში დარღვევის გამო დააჯარიმა.

ბრიტანეთის მედიამარეგულირებელი კომისია აცხადებს, რომ გამოძიების თანახმად, არხი ვერ ასრულებს მიუკერძოვებლობის პრინციპს, 2018 წელს 17 მარტიდან, 27 აპრილის ჩათვლით ტელეარხზე სატელევიზიო გადაცემებში და საინფორმაციო გამოშვებების ეთერებში გამოვლინდა შვიდი შემთხვევა. კომისიის თქმით, არხის ეთერში უფლებების დარღვევით განიხილეს ბრიტანეთის მიერ გატარებული ზომები რუსეთის გრუ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის საქმეზე, ასევე სირიაში სამხედრო კონფლიქტი, რის შედეგადაც გამოვლინდა მაუწყებლობის წესების დარღვევა.

მარეგულირებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, RT-მ მაყურებელს აღნიშნული შემოწმების შედეგების შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოს.

„ეს შეუსაბამობა ჩვენი წესების სერიოზული დარღვევაა, ეთერში აღინიშნებოდა განმეორებითი დარღვევები, ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით განსაკუთრებით იმ ფაქტით, რომ ამ მოკლე დროში (27 მარტიდან 26 აპრილამდე) რამდენად ხშირად დაარღვია კანონი" -ნათქვამია განცხადებაში ბრიტანეთის მედიამარეგულირებლის კომისიის საიტზე.

ივნისში კი ინგლისისა და უელსის უზენაესმა სასამართლომ ტელეარხს RT-ს რეგულატორის დასკვნის გასაჩივრების უფლება მისცა.

თავის მხრივ ტელეარხი უარყოფს ამ ფაქტს და ამბობს, რომ მედიამარეგულირებლის ჯარიმა უსამართლოა, ტელეარხი რუსულენოვან ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ კომენტარებში აღნიშნავს, რომ მარეგულირებელი არ დაელოდა სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელმაც უნდა დაადგინოს ჯარიმა ლეგიტიმურია თუ არა.

კომენტარებში ასევე ნათქვამია რომ ტელეარხის ჯარიმის თანხა მნიშვნელოვნად აჭარბებს სხვა მედიასაშუალებების მედიაჯარიმების თანხის რაოდენობას, ისეთი სერიოზული დარღვევებისთვის როგორებიცაა სიძულვილის ენა და ძალადობაზე წაქეზება.

შეგახსენებთ რომ ივლისის დასაწყისში, ბრიტანეთმა RT-ს მედიის თავისუფლების შესახებ დაგეგმილი კონფერენციის გაშუქების უფლება არ მისცა. ღონისძიების ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ რუსული არხი ძირითადად დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×