რეზონანსი
26.07.2019

 (რეზონანსი) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დამატებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

25 ივლისს, თელავის რაიონულმა სასამართლომ გახმაურებული საქმის ირგვლივ დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის, ომარ გამყრელიძისთვის (უმცროსი) აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე იმსჯელა და ორივე მათგანი პატიმრობაში დატოვა.

ბრალდება ამტკიცებს, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ მკვლელს დახმარება გაუწია, ხოლო შემთხვევის ადგილზე, მსუბუქ ავტომობილში აღმოჩენილი დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, 24 წლის ომარ გამყრელიძე-უმცროსს ეკუთვნის. ამ უკანასკნელს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც 3- დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ოჯახის ადვოკატი გილერ ენდელაძე, ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორივე პირი, უდანაშაულოა.

„ორივე სრულიად უდანაშაულოა, ჩვენ ამას სასამართლოსაც დავუმტკიცებთ და საზოგადოებასაც" - უთხრა „პრაიმტაიმს" ენდელაძემ.

„პრაიმტაიმმა" ექსკლუზიურად მოიპოვა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ უმცროსი ომარ გამყრელიძის კვალი, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ საბრძოლო მასალაზე არსად იკვეთება და აქედან გამომდინარე, ის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის შენახვა-შეძენის მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა.

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ხელის ანაბეჭდები, პიროვნების ინდენტიფიცირებისთის უვარგისია.

თელავის რაიონულ სასამართლოში ომარ გამყრელიძე-უმცროსის წინასასამართლო სხდომა 7აგვისტოს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×