რეზონანსი
26.07.2019

 “ევროპულ საქართველოში” დაპირისპირებაა. გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას შორის პოლიტიკურ მომავალთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით აზრთა სავადასხვაობაა. ინფორმაცია ამის შესახებ ორ კვირაზე მეტია ვრცელდება.

“2020NEWS” გიგი უგულავას კომენტარითაც დაინტერესდა, თუმცა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სააგენტოსთან კონტაქტზე არ გამოდის და კომენტარისგან თავს იკავებს. პარტიის წევრებს შორის განხეთქილებას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ლელა ქებურიაც კატეგორიულად უარყოფს. ქებურია “ამბობს, რომ მათ სხვადასხვა საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, რაც კარგი ამბავია ქართული პოლიტიკისთვის, რადგან “ევროპულ საქართველოში“ ყველა ერთ ხმაზე არ მღერის.

პოლიტიკურ კულუარებში კი ამბობენ, რომ “ევროპული საქართველო” უკვე ორ ბანაკად არის გაყოფილი და დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – გიგა ბოკერიას და ბაქრაძე-უგულავას ბანაკები. ბოკერიას პოლიტიკურ ბანაკში სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე და ირმა ნადირაშვილი მოიაზრებიან. საპარლამენტო წარმომადგენლობის დანარჩენი წევრები, თითქმის სრული უმრავლესობა კი, ბაქრაძე-უგულავას მხარესაა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიის წევრებს შორის აზრი ორად მას შემდეგ გაიყო, რაც საუბარი დაიწყო პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე და სავარაუდო პოლიტიკურ პარტნიორებთან ურთიერთობაზე, პირველ რიგში “ნაციონალურ მოძრაობასთან“. გიგა ბოკერიას გუნდი “ნაციონალურ მოძრაობასთან“ მკვეთრად დისტანციის მომხრეა. ბაქრაძე-უგულავას გუნდში კი ფიქრობენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან კეთილმეზობლური” ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, რადგან პროდასავლურმა პარტიებმა ერთმანეთის ინტერესები უნდა დაიცვან. ბაქრაძე-უგულავას გუნდი ფიქრობს, რომ არჩევნებში გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის მუხტის გარეშე რთული იქნება.

შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოს“ წევრების უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები არიან. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაშლა ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში დაიწყო, როდესაც მას გიორგი მელაძე, პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძემ და ზურაბ ჯაფარიძე გამოეყვნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×