ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ახალი ტელევიზიის შექმნას აპირებს. ამის შესახებ გვარამია სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:
“მეგობრებო, არც თუ ისე დიდი ხნის, თუმცა ძალიან მძიმე და ინტენსიური ფიქრის შემდეგ, გადაწყვეტილება მიღებულია. ბევრ ფიქრს მოჰყვა ბევრი კონსულტაცია: პროფესიონალებთან, პოტენციურ ინვესტორებთან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, და, რაც მთავარია, ამ ქვეყნის პატრიოტებთან და დემოკრატიის გულშემატკივრებთან.
გადავწყვიტე: რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია.
ჩემთვის ეს, ალბათ, ცხოვრების მთავარი გამოწვევაა - მე კრიზის-მენეჯერი ვარ, არ მიყვარს რუტინა და არასდროს მიშენებია ნულიდან. მე შემიძლია გავაცოცხლო მკვდარი კომპანია, მაგრამ არასდროს მიმიცია დასაბამი ახალი კომპანიის სიცოცხლისთვის. ამ გამოწვევაში ზუსტად ვიცი, ვისი დახმარება მჭირდება, ვინ იქნება ჩემი მთავარი დასაყრდენი - ჩემი გუნდი.
თავს უფლებას მივცემ და ჩემს თხოვნასაც გავაჟღერებ: სრულიად არ მეპარება ეჭვი, რომ ძალიან მალე ახალი ტელევიზია ქვეყნის მთავარი არხი გახდება და მის შემოსავლებს უკიდურესად ოპტიმისტურად ვუყურებ. თუმცა, თავიდან, მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო. ინვესტორები არიან, მაგრამ ხარჯი უფრო მეტია, როგორც ყოველთვის. ძალიან მალე დავიწყებთ საჯარო კამპანიას ახალი ტელევიზიის დასახმარებლად. დიდი იმედი მაქვს თქვენი, ვინც გულშემატკივრობთ ჩვენს საქმეს", - წერს გვარმია.