გუშინ გურამიშვილზე მომხდარი მკვლელობის ჯერ მოტივი, ცხადია, არ არის დადგებილი, თუმცა ვრცელდება ვერსიები. დაღუპული შაკო ტყემალაძისა და გურამ კოღუას შესახებ ოჯახის ახლობელზე დაყრდნობით წერს, რომ ბიჭი ახალი დაბრუნებული იყო უცხოეთიდან.
„შაკო უცხოეთში, გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად იყო წასული, ახალი ჩამოსულია უცხოეთიდან. ბინა, სადაც ეს საშინელება მოხდა, სწორედ მისი ჩამოსვლისთვის გაარემონტეს და ბიჭს დაახვედრეს, სადაც წინა დღეს სუფრაც ჰქონიათ გაშლილი. დედ-მამაც იქვე ახლოს ცხოვრობს. შაკოს უთქვამს მშობლებისთვის, სახლს მივალაგებ და მერე გადმოვალო... როგორც ამბობენ, რომ აღარ გამოჩნდა და ტელეფონზეც არ პასუხობდა, მამა იმიტომ წავიდა ამბის გასაგებად. კარი რომ არავინ გაუღო, სათადარიგო გასაღებით გახსნა და ისე შევიდა. ჰოდა, ეს საშინელება დახვდა. თურმე ორივეს ტყვია აქვს მოხვედრილი. როგორც თქვეს, მკვლელობის იარაღი იქვე ეგდო.
არავინ იცის რა მოხდა. ვის უნდა გაემეტებინა ასე სასტიკად ბიჭები. შაკო გამორჩეული ახალგაზრდა იყო. ფიზიკურადაც ძალიან კარგი, უჭკვიანესი, ის ჩემს თვალწინ გაიზარდა, წარმატებული ბიჭი იყო. მამამისს ბიზნესი აქვს და ეკონომიკურადაც არ უჭირთ. ვინ და რატომ გაიმეტა ისინი, არ ვიცით.
მის მეგობარს არ ვიცნობდი, ამბობენ ლისზე ცხოვრობს მისი ოჯახიო, ის ბიჭიც თურმე სასწავლებლად გერმანიაში იყო წასული და იქიდან ყოფილა ჩამოსული. წარმოუდგენელია, შაკოს მტერი ჰყოლოდა.
მამამისი მაშინვე წაიყვანა პოლიციამ დაკითხვაზე... დედამისს თავიდან უთხრეს, დაჭრილიაო, რის მერე გაუთავებლად ურეკავდა, არ იჯერებდა, რომ შვილი ცოცხალი აღარ ჰყავდა“, - განუცხადა „კვირის პალიტრას“ ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა, რომელიც ცხედრების პროზექტურაში გადასვენებამდე იქ იყო.