რეზონანსი
25.07.2019

 გუშინდელის მსგავსად, წარუმატებელი აღმოჩნდა დღევანდელი სავაჭრო დღე ლონდონის ბირჟაზე განთავსებული უკლებლივ ყველა ქართული კომპანიისთვის.  ოთხივე ქართული კომპანიის ჯამურმა დანაკარგმა დღის ბოლოს 54,4 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც ეროვნულ ვალუტაში, დაახლოებით, 200 მილიონი ლარია. ბოლო ორი დღის მანძილზე ქართული კომპანიების ჯამური დანაკარგი 182 მილიონი გირვანქა სტერლინგს გაუტოლდა. ზარალი დღევანდელი გაცვლითი კურსით 660 მილიონ ლარს აღემატება. 

ყველაზე მეტად ამჯერადაც "თიბისი ბანკმა" იზარალა. გახსნის მომენტისთვის მისი თიბისის აქციების ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა, თუმცა დღის განმავლობაში ძირითადად მაინც გაუფასურებისკენ მიდიოდა. დღის დახურვის შემდეგ, კომპანიის ერთი აქციის ფასი 12,60 გირვანქა სტერლინგზე შენარჩუნდა. "თიბისი ჯგუფის" კაპიტალიზაცია 22,1 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა და 702,6 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

შედარებით უმნიშვნელოდ იზარალა "საქართველოს ბანკმა". სავაჭრო დღის განმავლობაში 0,2 პროცენტით შემცირდა და საბოლოოდ ერთი აქციის ფასი 15,16 გირვანქა სტერლინგის ნიშნულზე შეჩერდა. ბანკის კაპიტალიზაცია 14,8 მილიონი გირვანქა სტერლინგით შენარჩუნდა და დღის ბოლოს 730,6 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

უფრო საგრძნობი იყო "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" დანაკარგი. კომპანიის აქციები ბირჟაზე მცირე რაოდენობით არის განთავსებული შესაბამისად, ნომინალურ გამოსახვაში კომპანიის დანაკარგი უფრო მცირეა. სავაჭრო დღის განმავლობაში კომპანიის კაპიტალიზაცია 11,1 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა და საბოლოოდ 289,7 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

 თიბისის გარდა, სხვა ქართული კომპანიების ზარალის მიზეზი, ხაზარიძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გარდა, შესაძლოა, სუსტი ლარიც იყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×