(რეზონანსი) მესტიაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა, რის გამოც ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა 1"-ის ტერიტორია დაიტბორა. ამასთან დაკავშირებით კომპანია „სვანეთი ჰიდრო" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„დაბა მესტიაში მდინარე მესტიაჭალა ადიდდა, რასაც უეცარი ტალღური წყალმოვარდნა მოყვა. წყალდიდობა ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა 1"-ის მიმდებარე ხეობაში მოხდა. დატბორილია „მესტიაჭალა 1"-ის ტერიტორია, თუმცა პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჰესმა სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა 2"-ს, არც სადგურს და არც მიმდებარე ტერიტორიებს სტიქია არ შეხებია.
კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან. წყლის ნაკადის შემცირებისთანავე შესაბამისი სამსახური „მესტიაჭალა 1"-ის პერიმეტრის დეტალურ შესწავლას და შესაბამის გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.