თამარ შუკვანი
25.07.2019

 „რუსეთი და ჩინეთი ახალი სამხედრო, ორმხრივი ალიანსის გაფორმებას აპირებენ. რუსეთის მხრიდან შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩინეთის მხარესთან კონსულტაციებს გამართავს. შესაბამისად, მოამზადებენ ხელშეკრულებას, რომელიც, ფაქტობრივად, ორმხრივი სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება იქნება. მათი ერთობლივი სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენები უკვე აკონტროლებენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სივრცეს," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, რუსეთი და ჩინეთი სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ:

„სამხრეთ კორეასთან საკმაოდ სერიოზულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, როდესაც სამხრეთ კორეის ავიამხადამჭერებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს, რომლებიც სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.

„ჩინეთმა და რუსეთმა უკვე დაიწყეს მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა, მეტიც, 28 ივლისს რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში ჩინეთის თანამედროვე, მეოთხე თაობის ნაღმოსანი მიიღებს მონაწილეობას. თანაც რუსეთმა ჩინეთს გადასცა ეს-400 ფავორიტის ტიპის ოპერატიულ-სტრატეგიული სარაკეტო სისტემები," - აღნიშნა მაისაიამ.

მისი თქმით, ამ ალიანის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით აშშ-ს საკმაოდ მკაცრი რეაქცია ექნება, რადგან ამერიკისთვის ჩინეთ-რუსეთის ალიანსი სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს. ეს საფრთხე კი, მაისაიას განცხადებით, შესაძლოა ნატო-საც შეეხოს.

„ამ ყველაფერზე ამერიკას აუცილებლად ექნება პასუხი. ამერიკისთვის რუსეთის მხრიდან ჩინეთთან ნებისმიერი ტიპის ალიანსი არის მომაკვდინებელი დარტყმა, სამხედრო საფრთხეზეა საუბარი.

„ამერიკის რეაქცია საკმაოდ სერიოზული იქნება. ამის საწინააღმდეგო შესაძლოა რეალურ ქმედებაზეც გადავიდეს. სავარაუდოდ, ამერიკა შეეცდება წყნარი ოკეანის მიმართულებით შექმნას ალტერნატიული სამხედრო პოლიტიკური ალიანსი, აზიური ტიპის, ნატო-ს მსგავსი. გლობალურ დონეზე ალბათ ატლანტიკური ალიანსის მიმართულებითაც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რადგან ჩინეთისა და რუსეთის ალიანსი ჩრდილოატლანტიკურ მიმართულებასაც შეუქმნის რეალურ საფრთხეს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×